უეფა გამოძიებას იწყებს - რუდიგერს 'უხამსი' ჟესტით აღნიშვნას ედავებიან
UEFA-მ ანტონიო რუდიგერის, კილიან მბაპეს, დანი სებალიოსის და ვინისიუს ჟუნიორის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, "რეალისა" და "ატლეტიკოს" დაპირისპირებას - მეორე მატჩის შემდეგ რეალის ფეხბურთელებმა მომდევნო ეტაპზე გასვლა ემოციურად აღნიშნეს, უეფას დისციპლინარული კომიტეტი კი, როგორც ჩანს, ამ აღნიშვნებში გარკვეული წესების დარღვევას ხედავს.
მადრიდის რეალის ამ 'კვარტეტის' მიმართ მთავარი ბრალდება ისაა, რომ მათ 'უხამსი ქცევები' გამოიჩინეს გამარჯვების შემდეგ. მაგალითისთვის, კადრებში ჩანს, რომ ანტონიო რუდიგერი 'ყელის გამოჭრის' ჟესტს აკეთებს მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივრების მიმართ.
უეფამ დანიშნა სპეციალური ინსპექტორი, რომელიც დამოუკიდებლად იმუშავებს და მტკიცებულებათა უმეტესობა, სავარაუდოდ, ინციდენტების ვიდეომასალა იქნება. უეფა არ იძლევა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება პროცესი და რა იქნება სანქციები, თუმცა მოსალოდნელია, რომ ფეხბურთელებს ფულად ჯარიმებს დააკისრებენ.
რატომაა ფულადი ჯარიმა მოსალოდნელი?
2019 წელს, უეფამ კრიშტიანუ რონალდუ დააჯარიმა 20,000 ევროთი 'არასათანადო საქციელის' გამო. რონალდუმ უცენზურო ჟესტი გააკეთა მას შემდეგ, რაც "იუვენტუსის" მაისურით, მადრიდის ატლეტიკოს წინააღმდეგ გოლი გაიტანა. იგივე ჟესტის გამო დაისაჯა დიეგო სიმეონეც, მას შემდეგ, რაც მისმა გუნდმა შინ, პირველ მატჩში, იუვენტუსს მოუგო.