ტუნისის ნაკრები ერვე რენარმაც დატოვა
ტუნისის ეროვნული ნაკრები კვლავ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. ერვე რენარმა გუნდიდან წასვლის შესახებ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე განცდილი ფიასკოს შემდეგ გამოაცხადა.
ფრანგმა სპეციალისტმა ნაკრები უშუალოდ მუნდიალის მიმდინარეობისას ჩაიბარა. მან საბრი ლამუში შეცვალა, რომელიც ჯგუფური ეტაპის სასტარტო ტურში, შვედეთთან განადგურების (1:5) გამო გაათავისუფლეს. თუმცა, სამწვრთნელო როტაციამ სიტუაცია ვერ გამოასწორა.
რენარის ხელმძღვანელობით ტუნისის ნაკრები ჯერ იაპონიასთან დამარცხდა (0:4), ხოლო შემდეგ ნიდერლანდებთან (1:3) და ტურნირი ქულის გარეშე დაასრულა.
"სანამ წავალ, მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ფედერაციას მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრებთან მუშაობის შესაძლებლობისთვის. ჩემთვის დიდი პატივი იყო ტუნისის წარდგენა და ამ დაუვიწყარი გამოცდილების მიღება. გუნდს შემდგომ განვითარებას, ახალ წარმატებებსა და ისტორიაში ახალ ნათელ ფურცლებს ვუსურვებ. მადლობა ყველას, ვინც ამ თავგადასავლის განმავლობაში ჩემ გვერდით იყო. ჩემი ისტორია აქ დასრულებულია", - ამბობს ერვე რენარი.
57 წლის სპეციალისტისთვის ეს გასული თვეების განმავლობაში უკვე მეორე გადადგომაა. გაზაფხულზე მან საუდის არაბეთის ნაკრები დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე სწორედ მან გაიყვანა.
ერვე რენარს მდიდარი სამწვრთნელო გამოცდილება უმაგრებს ზურგს, განსაკუთრებით სანაკრებო და მით უფრო აფრიკულ დონეზე. წლების განმავლობაში ის განის, ზამბიის, ანგოლის, კოტ'დიუარის, მაროკოსა და საუდის არაბეთის ნაკრებებს წვრთნიდა. ზამბიასა და ანგოლასთან ერთად ერვე რენარმა აფრიკის თასის მოგება შეძლო, საუდის არაბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში კი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე მომავალ ჩემპიონ არგენტინასთან დასამახსოვრებელი გამარჯვება იზეიმა.