Belive

ცვლილებები საფრანგეთის ნაკრებში: ვარანის გარეშე და ახალი კაპიტნით

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

მსოფლიოს ვიცე და ექს-ჩემპიონის, საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში საგრძნობი ცვლილებები იგეგმება.

კონკრეტულად, ევროპული სპორტული მედია აქტიურად საუბრობს იმის შესახებ, რომ გუნდს ცენტრალური მცველი და ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მცველი, რაფაელ ვარანი დატოვებს. 29 წლის ფეხბურთელი სანაკრებო კარიერის დასრულებაზე ფიქრობს. "მანჩესტერ იუნაიტედის" უკანახაზელის აქტივში ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 93 მატჩში 5 გატანილი გოლი, 1 საგოლე პასი და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულია.

უკვე ცნობილია, რომ კატარში გამართული მუნდიალის შემდეგ, ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილება 145 შეხვედრის ჩატარების შემდეგ 36 წლის მეკარემ, უგო ლორისმა მიიღო. შესაბამისად, ვაკანტური გახდა კაპიტნის პოზიციაც, რომელსაც როგორც ირკვევა, კილიან მბაპე დაიკავებს.

24 წლის ვარსკვლავი, რომლის დებიუტიც საფრანგეთის ნაკრებში 2017 წელს შედგა, უკვე 63 შეხვედრის ჩამტარებელი და 36 გოლის გამტანია. მას მხოლოდ 18 გოლი აშორებს ოლივიე ჟირუს რეკორდამდე, რომელიც საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. ის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო "მამლების" მიერ 2018 წელს, რუსეთში მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებასა და 4 წლის შემდეგ კატარში ვერცხლის მედლების დაუფლებაში.

ამავე დროს, "პსჟ-ს" მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფ გალტიემ განაცხადა, რომ ის მზადაა კილიან მბაპეს ვიცე-კაპიტნის წოდება გადასცეს - გუნდის კაპიტანი ბრაზილიელი, 28 წლის ცენტრალური მცველი, მარკინიოსი გახლავთ.

სხვა სტატიები