ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკ დე ბურმა საქართველოს ნაკრებთან გასამართი შეხვედრის წინ გაამხილა, თუ რა ფორმაციით გამოვა მისი გუნდი მოედანზე.
"ნებისმიერ შემთხვევაში მატჩს 5-3-2-ით დავიწყებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გვჭირდება. მე არ მსურს ყველაფრის ღიად თქმა, მაგრამ დიდი შანსია, რომ უკრაინასთან ჩატარებული შეხვედრის მსგავსი ტაქტიკით ვითამაშოთ. საბოლოო არაფერია.
ჩვენ უბრალოდ კარგად ვისაუბრეთ და ბევრჯერ მითქვამს: თუ ვფიქრობ, რომ 4-3-3 სქემით უნდა ვითამაშოთ, ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ჩვენ ამისთვის მოთამაშეებიც გვყავს. სტივენ ბერგუისი და ქვინსიპრომესი კარგად ერგებიან ამ ფორმაციას, ისევე როგორც კოდი გაკპო და დონიელ მალენი. მე მათი სრული ნდობა მაქვს", - თქვა 51 წლის ნიდერლანდელმა სპეციალისტმა.
“ჯვაროსნებმა” 2021 წლის პირველ ამხანაგურ მატჩში, 2 ივნისს, ქალაქ პლოიეშტში, მასპინძელ რუმინეთის ნაკრებს – 2:1 აჯობეს. სადებიუტო გოლები იქ გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი აბურჯანიამ გაიტანეს. მეორე შეხვედრას ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი 6 ივნისს, ენსხედეში, ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.