Belive

წლის პირველი მეტოქე: ყველაფერი, რაც მონღოლეთის ნაკრებზე უნდა ვიცოდეთ

1 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ

2023 წლის პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები მონღოლეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. შეხვედრას საერთაშორისო ამხანაგური მატჩის სტატუსი ექნება და ვილი სანიოლის გუნდს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში საკმაოდ მძლავრი ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ გასამართი დაპირისპირებისთვის მოსამზადებლად დაეხმარება. ორივე ეს შეხვედრა ბათუმში გაიმართება, იქამდე კი ვიდრე ჩვენი ბიჭები დედაქალაქიდან შავიზღვისპირეთში გაემართებიან, ვეცდებით, წლის პირველი მეტოქის შესახებ მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ.


მონღოლეთის საფეხბურთო ნაკრები

დაარსება: 1942

ფიფას წევრი: 1998

აზიის ფეხბურთის კონფედერაციის წევრი: 1998

ფიფას რეიტინგი: 183 (2022 წლის 22 დეკემბრის მონაცემებით)

უმაღლესი რეიტინგი: 160 (2011 წლის აგვისტო)

ყველაზე დაბალი შედეგი რეიტინგში: 205 (2015 წლის ივლისი)

საშინაო არენა: მონღოლეთის ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრი

მეტსახელი: ლურჯი მგლები, ჩინგიზ ხანის შთამომავლები

მთავარი მწვრთნელი: იჩირო ოცუკა

კაპიტანი: ცენდ-აიუშ ხულებაათარი


სტატისტიკა

პირველი მატჩი: იაპონია - მონღოლეთი - 12:0 (1942 წლის 10 აგვისტო, ჰისინკინგი, მანჩუკოუ, ჩინეთი)

ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება: მონღოლეთი - ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები 9:0 (2018 წლის 4 სექტემბერი, ულანბნაათარი, მონღოლეთი)

ყველაზე დიდი ანგარიშით დამარცხება: უზბეკეთი - მონღოლეთი - 15:0 (ჩიანგ მაი, ტაილანდი, 1998 წლის 5 დეკემბერი)

ყველაზე მეტი მატჩი ნაკრებში: ცენდ-აიუშ ხულებაათარი (37)

ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: ლიუმბენგარავ დონოროვი, ნარანბოლდ ნიამ-ოსარი (8)


ისტორია

მონღოლეთის ნაკრები 1940-იანი წლების დასაწყისში არაოფიციალური ფორმით ჩამოყალიბდა, 1959 წლიდან კი უკვე ქვეყანას ფეხბურთის ფედერაცია შეემატა, რომელსაც შემდეგი 39 წლის განმავლობაში, ე.ი. 1998 წლამდე არააქტიური სტატუსი ჰქონდა და საერთაშორისო შეხვედრებში ნაკრები მონაწილეობას არ იღებდა.

მონღოლეთის ფეხბურთის ფედერაცია არის აზიის ფეხბურთის კონფედერაციის და აღმოსავლეთ აზიის ფეხბურთის ფედერაციის წევრი.

ალბათ არ იქნება გასაკვირი, თუ გეტყვით, რომ მონღოლეთის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე თუ აზიის თასზე ფინალურ ეტაპამდე არასდროს მიუღწევია და დიდ ტურნირზე მონაწილეობის გამოცდილება არ აქვს. მონღოლეთის ნაკრებს მცირე მასშტაბის ტურნირებზე სხვადასხვა დროს უთამაშია, ისეთებზე, როგორიც აზიის სოლიდარობის თასი (2016) და აზიის ოლიმპიური თამაშები (1998) გახლავთ.

მონღოლებმა ისტორიაში პირველი მატჩი 1942 წელს გამართეს, როცა იაპონიას დაუპირისპირდნენ და 12 უპასუხო გოლი მიიღეს. იქამდე, ვიდრე 1998 წელს ფიფას წევრის სტატუსს მიიღებდნენ, მონღოლებს საერთაშორისო კატეგორიის მატჩები არ ჩაუტარებიათ, აი 1998 წლის აზიური თამაშების შესარჩევ ეტაპზე კი ქუვეითთან და უზბეკეთთან ისევ ორნიშნა ციფრით აღნიშნული გოლების რაოდენობა მიიღეს, შესაბამისად - 0:11 და 0:15.

ისტორიაში პირველი FIFA-ს მიერ ორგანიზებული ოფიციალური ტურნირი, რომლის შესარჩევ ეტაპზეც მონღოლეთის ნაკრები გამოჩნდა, 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი იყო, რომელშიც გუნდმა საწყისი ხუთივე შეხვედრა წააგო, მეექვსე ტურში კი ბანგლადეშთან ნათამაშები ფრის (2:2) მეშვეობით პირველი ქულის მოპოვება მოახერხა.

ისტორიაში პირველი გამარჯვება ფიფას რეიტინგის ასეულში შემავალ ნაკრებთან მონღოლეთმა 2021 წლის 7 ივნისს მოიპოვა, როცა ყირგიზეთს - 1:0 სძლია.

მონღოლები საშინაო შეხვედრებს თეთრი ფერის მაისურით თამაშობენ, სტუმრად გასამართ შეხვედრებში კი მონაწილეობას ლურჯი ფერის ფორმებით იღებენ.

რაც შეეხება საშინაო არენას, მონღოლეთის ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრი 5 000 გულშემატკივარს იტევს და მასზე ხელოვნურსაფარიანი მოედანია განთავსებული.

Mongolia's Japanese connection and their biggest international win

შემადგენლობა

მონღოლეთის ნაკრებში საქართველოს წინააღმდეგ ჩასატარებელი შეხვედრისთვის გამოძახებულ ფეხბურთელთა საშუალო ასაკი 25.7 წელია, მათი შემადგენლობიდან 30 წელს ზემოთ მხოლოდ 5 ფეხბურთელი იმყოფება, 25 წელზე ნაკლები ასაკის კი 10 ფეხბურთელია.

რაც შეეხება ქვეყნის ფარგლებს მიღმა მოთამაშე ფეხბურთელებს, ასეთი მონღოლეთის ნაკრებში ამჟამად ორია: 21 წლის მარჯვენა მცველი ოიონტუია ოიუნბოლდი ("შამ შუი პო", ჰონგ-კონგის პრემიერ ლიგა) და 22 წლის შემტევი ნახევარმცველი განბოლდ განბაიარი ("კომარნო" სლოვაკეთის მეორე ლიგა).

მონღოლეთის ნაკრების სრული შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: ამარბაიასგალან საიხანჩულუუნი, ბაცაიხან არიუნბოლდი , ენხტაივან მონხ-ერდენე.

მცველები: გალბუნდ ბილგუუნი, ხურელბაატარ ტაივანხუუ, ოქტიაბრ დავაადელგერი , ორხონ მონხ-ორგილი, ოიუნბატარ ოტგონბაიარ, ოიუნბოლდ ონტუია , პურევდორჯ აიარცენგელი, ცერენდოვდონ ტომორ-ოჩირი, ტუვშინჯარგალ დოლგიუნი.

ნახევარმცველები: არტაგ ნარმანდახი, ბაჯიმიან ბატმონხი, განბოლდ განბაიარი, გერელტ-ოდ ბატ-ორგილი, ჯარგალტუია ცოგტ-ოჩირი, ხურელბაატარ ცენდ-აიუში, პურევსურენ უგანბაიარი, ტოგოლდორ მონხ-ერდენგინი.

თავდამსხმელები: ნარანბოლდ ნიამ-ოსარი, ბაატარტსოგ ნამსრაი.

მთავარი მწვრთნელი: იჩირო ოცუკა.

სხვა სტატიები