Belive

ტირანას კაპიტანი: "ჩემი გუნდის მჯერა და ისევ მივიჩნევ, რომ შემდეგ ეტაპზე მოვხვდებით"

9 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

უეფას ევროპის კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, "დინამო ბათუმი" ალბანურ "ტირანას" საშინაო კედლებში დაუპირისპირდება.

მატჩის წინ ალბანური კლუბის ჩრდილოეთმაკედონიელმა კაპიტანმა, ფილიპ ნაიდოვსკიმ, პირველ შეხვედრამდე გაკეთებული ამბიციური კომენტარი გაიმეორა და კვლავაც თავდაჯერებულმა ივარაუდა, რომ მისი გუნდი შემდეგ ეტაპზე მოხვდება.

"ჩვენი მატჩისწინა ინფორმაცია და ანალიზი საბოლოოდ სწორი აღმოჩნდა - ბათუმური გუნდი შესანიშნავია, ორგანიზებული და კარგი მოთამაშეებით დაკომპლექტებული. თუმცა, ვფიქრობ, რომ "ტირანა" უკეთესი გუნდი იყო. გოლი კონცენტრაციის ნაკლებობის ან შეცდომის გამო გავუშვით. შემდეგ თამაშში დაბრუნება და გოლის გატანა შევძელით, რისი დამსახურებითაც საქართველოში ფრედ ნათამაშები მატჩით წავედით.

ერთადერთი პრობლემა ჩემთვის არის მოკლე მოსამზადებელი დრო და ის, რომ მატჩები ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა. გუნდის ფეხბურთელების უმეტესობა ახალია და შეთამაშებისთვის დრო გვჭირდება.

ორ შეხვედრას შორის მოკლე პერიოდია და შესაბამისად, დიდი ცვლილების მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ მჯერა, რომ "ტირანა" იმავე დონეზე იქნება და უკეთ გამოიყენებს შანსებს. ჩვენ გამოვასწორებთ იმას, რაც პირველ თამაშში ვერ გავაკეთეთ.

რა თქმა უნდა, ყველაფერს დიდი გავლენა აქვს. რამდენიმე მოთამაშე მოგვიანებით შემოგვიერთდა, მოსამზადებელ ფაზაში. იმასაც ვიტყვი, რომ ბათუმელები საქართველოში ჩემპიონატის შუაში იმყოფებიან, ეს მათთვის დიდი პლუსია და ჩვენთვის მინუსი.

"ტირანა" უნდა იყოს ისეთივე, როგორიც პირველი მატჩში. მეტი ყურადღება უნდა გავამახვილოთ შესაძლებლობების გამოყენებაზე. რა თქმა უნდა, დაცვაშიც აქტიურად უნდა ვიმქომედოთ, რომ გოლი არ გავუშვათ, როგორც პირველ მატჩში. მჯერა, რომ თუ ამას გავაკეთებთ, ეს საკმარისი იქნება კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე მოსახვედრად.

მე მჯერა ამ გუნდის, მჯერა ფეხბურთელების ხასიათის, თვისებების, მენტალიტეტის. რა თქმა უნდა, მჯერა, რომ შეგვიძლია მომდევნო ეტაპზე გასვლა", - თქვა 30 წლის ფეხბურთელმა.

"დინამო ბათუმისა" და "ტირანას" მატჩი 20 ივლისს, ბათუმში გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები