The Best FIFA - რონალდუს ხმა ისევ არ მიუცია
ვინისიუს ჟუნიორი 2024 წლის ფიფას საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, მადრიდის "რეალის" ვარსკვლავმა "მანჩესტერ სიტის" როდრი 5 ხმით დაამარცხა, ესპანელმა წელს ოქროს ბურთი მოიგო და იქ მეორე ადგილზე სწორედ ვინისიუსი გავიდა. ფიფას მიერ გამოქვეყნებული ხმის მიცემის ჩანაწერებმა ცხადყო, რომ რონალდუმ, როგორც პორტუგალიის კაპიტანმა, საკუთარი უფლება არ გამოიყენა და ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა არ მიიღო, მის ნაცვლად, პასუხისმგებლობა ბერნარდო სილვამ აიღო და აირჩია როდრი, ვინისიუსი და ერლინგ ჰოლანდი (ამ თანმიმდევრობით).
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რონალდუ ხმის მიცემისგან თავს იკავებს, წინა ორ შემთხვევაში, მის ნაცვლად, ხმას ვეტერანი მცველი პეპე აძლევდა.
რონალდუს აღნიშნული ჯილდო 2016 და 2017 წლებში აქვს მოგებული, თუმცა ცნობილია, რომ პორტუგალიელსა და FIFA-ს მესვეურებს შორის არც ისე კარგი ურთიერთობაა, რის გამოც რონალდუ მონაწილეობას არ იღებს მათი ორგანიზებით მოწყობილ დაჯილდოებებსა და ღონისძიებებში.