ტენერიფეს ფეხბურთელი, მეკარესთან შეჯახების შემდეგ, ახლაც უგონო მდგომარეობაშია
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მატჩი ტენერიფესა და ანდორას შორის ნაადრევად შეწყდა მას შემდეგ, რაც მასპინძელთა თავდამსხმელი, ხესუს დე მიგელი, სტუმართა მეკარესთან, ხესუს ოვონოსთან მძიმე შეჯახების შედეგად მოედანზე უგონოდ დაეცა. ადგილობრივი მედიის ცნობით, საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე, ფეხბურთელს გული გაუჩერდა.
ინციდენტი ძირითადი დროის ამოწურვის შემდეგ, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-7 წუთზე მოხდა, როდესაც ანგარიში 2:2 იყო. მეკარე ოვონო შორეული გადაცემის მოსაგერიებლად მოედნის ცენტრის მიმართულებით გაიქცა და დე მიგელს მკერდის არეში მუხლით შეეჯახა.
დე მიგელი უძრავად იწვა მოედანზე, ხოლო ორივე გუნდის ფეხბურთელები დახმარებას ითხოვდნენ. არბიტრმა ოვონოს უყოყმანოდ უჩვენა პირდაპირი წითელი ბარათი. სამედიცინო პერსონალი, ტენერიფეს ფორვარდს, ხუთ წუთზე მეტხანს უწევდა პირველად დახმარებას.
დე მიგელს გული უკვე სასწრაფო დახმარების მანქანაში გაუჩერდა - ბრიგადის სწრაფი რეაგირების წყალობით მისი რეანიმირება მოხერხდა და პაციენტი „ნუესტრა სენიორა დე ლა კანდელარიას“ საუნივერსიტეტო საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, თუმცა იგი, საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში, კვლავ უგონო მდგომარეობაში რჩება.