Belive

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ დღევანდელი ყველა საფეხბურთო მატჩი გადადო

6 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ (RFEF) 3 ნოემბრის ყველა საფეხბურთო მატჩის გადადება დაადასტურა, რაც კლუბ ტენერიფეს მოთამაშის, ხესუს დე მიგელის გარდაცვალებას უკავშირდება.

ფედერაციის განცხადებით გადაიდო კოპა დელ რეისა და კოპა დე ლა რეინას მატჩები, ასევე გაუქმდა 21-წლამდელთა ნაკრების მატჩთან დაკავშირებული ოფიციალური ღონისძიება, რომელიც დღეს ალმენდრალეხოში უნდა გამართულიყო.

უახლოეს დღეებში გავრცელდება ინფორმაცია ტურნირების განახლებული განრიგისა და გადადებული მატჩების ჩატარების ზუსტი თარიღებისა თუ დროის შესახებ.

ესპანური საფეხბურთო საზოგადოება ერთსულოვნად გლოვობს ამ ტრაგიკულ დანაკლისს. ამ უაღრესად მძიმე პერიოდში, ისინი თანაგრძნობასა და მხარდაჭერას უცხადებენ ხესუს დე მიგელის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს, ასევე კლუბ ტენერიფესა და მის ყველა გულშემატკივარს. - ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადება

შეგახსენებთ, რომ ტენერიფეს თავდამსხმელი, ხესუს დე მიგელი, ტრაგიკულად გარდაიცვალა - ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მატჩი ტენერიფესა და ანდორას შორის ნაადრევად შეწყდა მას შემდეგ, რაც მასპინძელთა თავდამსხმელი, ხესუს დე მიგელი, სტუმართა მეკარესთან, ხესუს ოვონოსთან მძიმე შეჯახების შედეგად მოედანზე უგონოდ დაეცა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე, ფეხბურთელს გული გაუჩერდა, ამის შემდეგ ექიმებმა შეძლეს მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება, თუმცა იგი, საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში უგონო მდგომარეობაში რჩებოდა, ამის შემდეგ ფეხბურთელი გარდაიცვალა.

სხვა სტატიები