'იტანჯება და უმძიმესი ფსიქოლოგიური ტრავმა მიადგა' - ანდორას მცველმა მეკარე დაიცვა
ანდორას ცენტრალურმა მცველმა - ლაუტარო სპაცმა, სოციალურ ქსელში საჯაროდ დაიცვა თავისი თანაგუნდელი და მეგობარი, მეკარე ხესუს ოვონო.
მისი ეს განცხადება მოჰყვა ორშაბათს მომხდარ ტრაგიკულ ინციდენტს, როდესაც ოვონო ტენერიფეს თავდამსხმელ ხესუს დე მიგელს მოედანზე შეეჯახა - ფეხბურთელი მეორე დღეს მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა. მომხდარის შემდეგ ოვონომ ინსტაგრამის ანგარიში გააუქმა, რადგან ინტერნეტში მასობრივი ბულინგის მსხვერპლი გახდა, სადაც ზოგიერთი მომხმარებელი მას „მკვლელსაც“ კი უწოდებდა. ანდორას ხელმძღვანელობის განცხადებით, კლუბი ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს ყველა იმ წევრს, ვისაც ეს ტრაგედიის ფონზე სჭირდება.
სპაცის თქმით, ოვონო ამ კვირაში განვითარებული მოვლენებით განადგურებულია.
„მსურს რამდენიმე სიტყვა ვთქვა ჩემს თანაგუნდელზე, მეკარესა და მეგობარზე, რომელიც მომხდარით უზომოდ განიცდის. მათ, ვინც მას ვიცნობთ, კარგად ვიცით, როგორი ადამიანია იგი, რამდენად იტანჯება ამ წუთებში და რომ ის არასდროს მიაყენებდა ვინმეს განზრახ ზიანს. ფეხბურთში უბედური შემთხვევები ხდება, თუმცა ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ერთ-ერთი მათგანი ასეთი ტრაგიკული შედეგით დასრულდებოდა“ - აღნიშნა სპაცმა და სამძიმარი გამოუცხადა დე მიგელის ოჯახსა და ტენერიფეს
ტრაგედიით გამოწვეული ღრმა მწუხარების გამო, ხესუს ოვონოს მხარდაჭერა ეკვატორული გვინეის ფეხბურთის ფედერაციამაც გამოუცხადა. ფედერაციის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 25 წლის მეკარე, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში 47 მატჩი აქვს ჩატარებული, უმძიმეს ემოციურ მდგომარეობაშია.
მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.
🕊️ Après le décès tragique de Jesús de MIGUEL 🇪🇸, Lautaro SPATZ 🇦🇷, défenseur du FC Andorre, apporte son soutien à son coéquipier Jesús OWONO 🇬🇶, impliqué dans le choc fatal. 💔👇
— Actu Foot (@ActuFoot_) November 4, 2026
« Il y a des moments où le football n’a plus aucun sens. Des moments qui vous marquent à jamais et… pic.twitter.com/lxH5Fnp70Z