Belive

Telegraph - ინგლისის ნაკრების ფეხბურთელები ტუხელის ტაქტიკამ შოკში ჩააგდო

7 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

არგენტინასთან მარცხის შემდეგ, ტომას ტუხელი მწვავე კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. ყველაზე მეტს საუბრობენ მის გადაწყვეტილებაზე, როცა მატჩში დაწინაურების შემდეგ, მოედანზე სამი მცველი შეიყვანა. Telegraph Sport-ის ინფორმაციით, გერმანელი სპეციალისტის მიერ შერჩეული უკანდახევის ტაქტიკით ინგლისის ნაკრების ფეხბურთელები შოკირებულნი დარჩნენ. თუმცა, თავად ტუხელმა მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ „არაფერს ნანობს“.

როგორც Telegraph წერს, გუნდში არსებობდა რწმენა, რომ ანგარიშის გახსნის შემდეგ, არგენტინის გატეხვა სრულიად რეალური იყო და სწრაფი ფეხბურთელების შემოყვანით კონტრშეტევებზე მეტოქის დასჯა შეიძლებოდა.

საყოველთაო გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ტუხელმა რაშფორდისა და ტოუნის მოედანზე შეყვანა მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც არგენტინის დაწინაურებიდან 4 წუთი გავიდა. გარდა ამისა, გასაკვირი იყო სათადარიგოთა სკამზე ბუკაიო საკას, ოლი უოტკინსისა და ნონი მადუეკეს დატოვება.

ასევე, არსებობს მოსაზრება, რომ ინგლისი დეკლან რაისი შეცვლის გამოც დაისაჯა (მის ნაცვლად მატჩში ო'რაილი ჩაერთო) - ენცო ფერნანდესმა გოლი ზუსტად იმ პოზიციიდან გაიტანა, რომელიც, წესით, რაისს ან სხვა საყრდენ ნახევარმცველს უნდა ჰქონოდა დაკავებული.

May be an image of football, American football, crowd and text that says "24 WORLD CUP 24 24 oramco AF M aramco"

„როგორც კი ანგარიში 1:0 გახდა, თითქოს, მხოლოდ შედეგის შენარჩუნებაზე გადავერთეთ, რაც ამ დონეზე უბრალოდ საკმარისი არ არის, ამიტომ ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. წინსვლა უნდა გაგვეგრძელებინა. მეტოქის პრესინგზე არ უნდა გვეთქვა უარი. ისეთი შეგრძნება იყო, რომ გოლი გავიტანეთ და მაშინვე უკან დახევისა და დაცვაში ჩაჯდომის მენტალიტეტი ჩაგვერთო,'' - თქვა ინგლისელთა მცველმა, მარკ გეჰიმ.

Telegraph-ს ინგლისის ნაკრების ბანაკიდან უთხრეს, რომ ტუხელი მისი ტაქტიკური ალღოს გამო მიიყვანეს, მან კი უხეში შეცდომები დაუშვა. თქვეს ისიც, რომ მომხდარს ვერავინ ხსნის.

„მატჩის შემდეგ მილიონობით მწვრთნელს ჰგონია, რომ ყველაფერი უკეთ იცის. მე უნდა მიმეღო გადაწყვეტილება და ჩემი ხედვა ასეთი იყო. არაფერს ვნანობ. გუნდმა ყველაფერი გაიღო და ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა, ალბათ საუკეთესოც კი არსებული გარემოებებიდან გამომდინარე.'' - განაცხადა ტუხელმა

არგენტინასთან მარცხის მიუხედავად, ტუხელი ხელმძღვანელების მხარდაჭერას მაინც ინარჩუბებს. გერმანელმა თავადაც მიანიშნა, რომ მისი კონტრაქტის პირობების გათვალისწინებით, ინგლისის ნაკრებში დარჩენას აპირებს.

სხვა სტატიები