Belive

თავისუფალი აგენტები და მათ გარშემო გავრცელებული სატრანსფერო ჭორები

22 საათის წინ ფეხბურთი
3 წთ

სატრანსფერო ფანჯრის ამ ეტაპისთვის საკმაოდ მოულოდნელად, თავისუფალი აგენტების ბაზარზე ჯერ კიდევ არაერთი ცნობილი ფეხბურთელი რჩება, მათ შორის ჯონ სტოუნსი, ლეონ გორეცკა და დუშან ვლაჰოვიჩი. თუმცა, კლუბის გარეშე დარჩენილ მოთამაშეებს შორის ყველაზე გამორჩეული სახელი უდავოდ მოჰამედ სალაჰია, რომელიც ლივერპულიდან ემოციური წასვლის შემდეგ ახალი კლუბის ძიებაშია.

სალაჰი მსოფლიო ჩემპიონატზე შესანიშნავად გამოიყურებოდა - ეგვიპტემ, ისტორიაში პირველად, მერვედფინალამდე მიაღწია, სადაც დრამატულ ბრძოლაში არგენტინასთან დამარცხდა. მუნდიალის დასრულების შემდეგ, 34 წლის ვარსკვლავს თავისუფლად შეუძლია მომავალზე კონცენტრირება. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ვარაუდობდნენ, რომ მოჰამედ სალაჰი სარფიანი კონტრაქტით საუდის არაბეთში გადავიდოდა, ახლა სულ უფრო იკვეთება, რომ მისი შემდეგი კლუბი ბეშიქთაში იქნება.

„Fotomac“-ის ინფორმაციით, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან, ჟურნალისტმა იაღიზ საბუნჯუოღლუმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრანსფერის გზაზე არსებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაბრკოლება უკვე გადალახულია. 

გავრცელებული ინფორმაციით, მოჰამედ სალაჰის აგენტი, რამი აბასი, ძალიან მაღალ საკომისიოს ითხოვდა, რის გამოც ბეშიქთაშმა მოლაპარაკებები დროებით შეაჩერა, თუმცა, ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფეხბურთელის წარმომადგენელმა მოთხოვნები შეამცირა, რაც იმას ნიშნავს, რომ სალაჰის ბეშიქთაშში გადასვლა მალე გაოფიციალურდება. 

სხვადასხვა ეტაპზე ლივერპულის ლეგენდის დამატებით ასევე ინტერესდებოდნენ მადრიდის ატლეტიკო, იუვენტუსი და რომა. სალაჰისთვის სხვა შესაძლო ვარიანტებს შორის იყვნენ MLS-ის კლუბები სან დიეგო და სპორტინგ კანზას სიტიც.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩელსიმ ჯონ სტოუნსთან შეთანხმებას მიაღწია. შესაძლო ტრანსფერს პირადად ჩელსის მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ დაუჭირა მხარი. მისი შეფასებით, სტოუნსის გამოცდილება, სიმშვიდე და ტაქტიკური ინტელექტი გუნდის დაცვის ხაზს დაუყოვნებლივ გააძლიერებს.

არსებული ცნობებით, თავად ფეხბურთელიც მზადაა ჩელსის პროექტს შეუერთდეს. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მის მიმართ ინტერესს არსენალიც იჩენდა - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ უილიამ სალიბა გუნდს რამდენიმე თვით გამოაკლდება.

„ტუტოსპორტის“ ინფორმაციით, ნაპოლი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე თავისუფალი აგენტის, დუშან ვლაჰოვიჩის დამატების შესაძლებლობას განიხილავს, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რომელუ ლუკაკუ „სტადიო მარადონას“ დატოვებს.

26 წლის სერბი თავდამსხმელი კლუბის გარეშე მას შემდეგ დარჩა, რაც 30 ივნისს იუვენტუსთან კონტრაქტი ამოეწურა. ტურინულმა კლუბმა ხელშეკრულების გახანგრძლივება არაერთხელ სცადა, მაგრამ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და ვლაჰოვიჩი თავისუფალი აგენტი გახდა.

ამ ეტაპზე, გავრცელებული ინფორმაციით, მის მიმართ ყველაზე კონკრეტულ ინტერესს „ბეშიქთაში“ იჩენს. თუმცა, „ტუტოსპორტი“ აღნიშნავს, რომ იუვენტუსს ვლაჰოვიჩის დაბრუნების შესაძლებლობაც საბოლოოდ არ გამოურიცხავს, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის ორივე მხარეს მნიშვნელოვანი დათმობების გაკეთება მოუწევს.