თამაში ათი ათზე | საბა გოგლიჩიძის ემპოლი მილანთან დამარცხდა
იტალიის სერია A-ს 24-ე ტურში "ემპოლიმ" საკუთარ მოედანზე "მილანს" უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. ემპოლის 9-მატჩიანი მოუგებელი სერია დაუგროვდა, საიდანაც მხოლოდ 2 შეხვედრაში აიღო 1 ქულა.
საბა გოგლიჩიძეს ძირითად შემადგენლობაში არ დაუწყია, თუმცა 28-ე წუთზე მატია ვიტიმ ტრავმა მიიღო, შეხვედრის გაგრძელება ვეღარ შეძლო და რობერტო დავერსამ მოედანზე ქართველი მცველი შეიყვანა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ფონსეკამ სამმაგი ცვლილება განახორციელა და მეორე ნახევარი გუნდის ლიდერებსა და ახალწვეულს დააწყებინა. მინდორზე ლეაუ, პულიშიჩი და სანტიაგო ხიმენესი გამოჩნდნენ. შეხვედრა უცნაურად წარიმართა, 55-ე წუთზე ჯერ ფოფანამ მიიღო მეორე ყვითელი და მილანი კაცნაკლული დარჩა, ზუსტად 10 წუთში კი ლუკა მარიანუჩიმ დაიმსახურა წითელი და თანაფარდობა აღდგა.
გოლები შეცვლაზე შემოსულმა ლეაუმ და ხიმენესმა (68-ე და 76-ე წუთებზე) გაიტანეს. საბა გოგლიჩიძეს, ისევე როგორც ემპოლის დაცვის ხაზს დაბალი შეფასებები ერგოთ. ქართველმა sofascore-გან 6.6 ქულა, ხოლო whoscored-გან 6.3 ქულა დაიმსახურა.
ემპოლი გასავარდნი ზონის თავზეა 21 ქულით, ხოლო მილანს 38 ქულა აქვს, მეშვიდეზეა და მეოთხეზე მყოფ "იუვენტუსს" 5 ქულა აშორებს.