ტაილანდის ნაკრების მწვრთნელი: კვარაცხელიასთან თამაში ჩვენი ფეხბურთელებისთვის დიდი გამოცდილება იქნება
12 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ამხანაგური შეხვედრის ეგიდით, ტაილანდს დაუპირისპირდება.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, 11 ოქტომბერს, გუნდებმა მატჩის მასპინძელ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშეს. დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, ტაილანდის მთავარმა მწვრთნელმა, ალეშანდრე "მანო" პიოლკინგმა ისაუბრა.
"საქართველოს ფეხბურთის დიდი ტრადიცია აქვს და სასიხარულოა, რომ ასეთი მატჩი შედგება. ხვალ მნიშვნელოვანი გამოცდა გველოდება. საინტერესოა, რამდენად შეგვიძლია ამ დონის გუნდთან ასპარეზობა.
მკაფიო სათამაშო გეგმა გვაქვს. ვცდილობთ შემტევ ფეხბურთს, მაღალ ტემპს, სანახაობრივ თამაშს მოიცავს, თუმცა ბევრი რამ ჩვენს მეტოქეზეა დამოკიდებული. იმედია, ღირსეულად გამოვალთ მოედანზე.
ხვიჩა კვარაცხელიას სახელის წარმოთქმა რთულია, მაგრამ ფასტასტიკური ფეხბურთელია. ბრაზილიური სტილის ფეხბურთელების მსგავსად თამაშობს, ნეიმარსაც შეიძლება შევადაროთ. იტალიის ჩემპიონი გახდა, საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს - რა თქმა უნდა, ეს დიდი მიღწევებია. მის წინააღმდეგ თამაში დიდი გამოწვევა და, ამავე დროს, დიდი გამოცდილება ჩვენი ფეხბურთელებისთვის". - ალეშანდრე "მანო" პიოლკინგი
შეგახსენებთ, მატჩი 12 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 20:00 საათზე აიღებს სტარტს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: გიორგი ლორია („დინამო", თბილისი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)
დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ალ ახდუდი“, ნაჯრანი, საუდის არაბეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ივა გელაშვილი („სპეცია“, ლა სპეცია, იტალია), ალექსანდრე კალანდაძე („დინამო“, თბილისი, საქართველო)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), გაბრიელ სიგუა („ბაზელი“, შვეიცარია), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“, ვალენსია, ესპანეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგერი“, ვოლფსბერგი, ავსტრია), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, ატლანტა, აშშ), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი", ინგლისი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“, ამსტერდამი, ნიდერლანდები), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია).