ტაფარელი ლივერპულში მეკარეებს წვრთნის | შედგება თუ არა მამარდაშვილისა და ცოცხალი ლეგენდის ტანდემი?
აწ უკვე დასრულებული ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ამბავი გიორგი მამარდაშვილის "ლივერპულში" ტრანსფერი იყო. უფრო სწორად, "მერსისაიდულმა" კლუბმა მამარდაშვილი შეიძინა, თუმცა 1 წლით, იჯარის წესით, "ვალენსიაში" დატოვა. ქართველი გულშემატკივარი რომ მომავალ სეზონს უკვე ელოდება, ეჭვგარეშეა, თუმცა ჩვენი ცნობისმოყვარეობა ამით არ კმაყოფილდება: "ლივერპულში", მეკარეებს კლაუდიო ტაფარელი წვრთნის და საინტერესოა, შედგება თუ არა მამარდაშვილისა და ლეგენდარული მეკარის ტანდემი 2025/26 წლების სეზონში.
პირველ რიგში, თუკი ტაფარელის შესახებ ცოტა გსმენიათ, მას უფრო კარგად გაგაცნობთ: ტაფარელი ბრაზილიის ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახლდათ. მის ანგარიშზე 103 შეხვედრა და 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულია. ტაფარელი იყო სტაბილური მეკარე, რომელიც საოცარი რეფლექსებითა და პოზიციის სწორად შერჩევით გამოირჩეოდა. ბურთთან კონტაქტიც ჩინებულად გამოსდიოდა, რასაც მარტივი მიზეზი ჰქონდა: ადრეულ წლებში, ფორვარდის პოზიციაზე თამაშობდა.
2021 წლის ნოემბერში, ტაფარელი იურგენ კლოპმა "ლივერპულში" იხმო. ამავე პერიოდში, პარალელურ რეჟიმში, იგი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებშიც მუშაობდა და ცხადია, მის პროფესიონალიზმთან ერთად, უმნიშვნელოვანესი იყო ალისონ ბეკერის ფაქტორიც, რომელმაც 2021 წლის ნოემბერში "წითლებთან" 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტიტეს წასვლის შემდეგ, ბრაზილიის ნაკრებთან კონტრაქტი დროებით შეწყდა, თუმცა 2024-ში, ტაფარელი კვლავ ნაკრებს დაუბრუნდა.
გამოდის, რომ ბრაზილიის ნაკრებისა და "ლივერპულის" შემადგენლობის მთავარ მეკარეს ერთი მწვრთნელი ჰყავდა. მათთვის, ერთად მუშაობა კომფორტული პროცესი იყო, რასაც "ლივერპულის" YouTube არხზე გამოქვეყნებული ვიდეო ადასტურებს, სადაც ორივე მათგანი იმ ახლო ურთიერთობის შესახებ საუბრობს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებთ.
ტაფარელი: "ალისონი იმ ტიპის მეკარეა, როგორიც მსურდა რომ ვყოფილიყავი და ვიყავი კიდეც".
ალისონი: "მეკარეების მწვრთნელსა და მეკარეს შორის ურთიერთობა ბუნებრივად ყალიბდება. ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ ერთად გვემუშავა "ლივერპულში" და ამან კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოვა".
ბრიტანული მედია წერს, რომ ტაფარელის "ლივერპულში" ჩასვლის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი თავად ალისონი გახლდათ. This is Anfield-ის თანახმად, მისი გუნდში დარჩენა არნე სლოტმაც ისურვა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბრაზილიელი ლეგენდა იმ შემთხვევაში, თუკი მომდევნო სეზონში "ლივერპულს" ალისონ ბეკერი დატოვებს.
ერთი რამ ცხადია: მამარდაშვილს ხაზგასმით აქვს ნათქვამი, რომ მხოლოდ იმ გუნდში ითამაშებს, სადაც ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს. თავის მხრივ, გიორგი მამარდაშვილის შესახებ "ლივერპულის" ამჟამინდელმა კიპერმა საინტერესო კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ "ლივერპულიდან" წასვლას არ აპირებს.
კლუბის დატოვების შესახებ არასდროს მიფიქრია. მაშინაც კი, როდესაც საუდის არაბეთიდან სოლიდური შეთავაზება მივიღე, უარი განვაცხადე, რადგან "ლივერპულში" დარჩენა და ჩემს გუნდზე ფოკუსირება მსურდა.
თუ კლუბის ინტერესიც იქნება, რომ დავრჩე, დავსხდებით და ყველაფერზე დავილაპარაკებთ. ამ მომენტში, ამ სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში არაფერი მოხდება. ფოკუსირებული ვარ ჩემს საქმეზე და ბედნიერი ვარ ლივერპულში ყოფნით.
გუნდმა მომავალზე ფოკუსირება უნდა მოახდინოს. ასაკი მემატება და მუდმივად აქ ვერ ვიქნები. ვფიქრობ მამარდაშვილის დამატება კარგი იდეაა. ამის შესახებ დიდი ხნით ადრე ვიცოდი, ვიდრე მედია საშუალებები გაახმაურებდნენ. კლუბის წარმომადგენლები მესაუბრნენ და ვფიქრობ საკმაოდ პოზიტიური მესიჯია, რომ კლუბი ჩემი აზრით დაინტერესდა. - ალისონი
ალისონის სიტყვების მიუხედავად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ბრაზილიელ მეკარეს "ლივერპული" მომდევნო წლის ზაფხულში დაემშვიდობება. შესაბამისად, საინტერესო დეტალი იკვეთება: ალისონის წასვლის შემთხვევაში, ვიხილავთ თუ არა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარის, გიორგი მამარდაშვილისა და ლეგენდარული კლაუდიო ტაფარელის ტანდემს "ლივერპულის" სავარჯიშო მინდვრებზე.