სუარესმა დაასახელა საუკეთესო მწვრთნელი მათ შორის, ვისთან ერთადაც უმუშავია
ურუგვაის ეროვნული ნაკრებისა და ,,ნასიონალის'' თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, ესპანეთის ეროვნულ ნაკრებზე საუბრისას, მის კარიერაში საუკეთესო მწვრთნელად ლუის ენრიკე დაასახელა:
,,ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების ერთ-ერთი პრეტენდენტია. საუბარია ფეხბურთელების ხარისხსა და გუნდის მენეჯმენტზე.
ლუის ენრიკე ჩემს კარიერაში საუკეთესო მწვრთნელია. ამას მისი იდეებისადმი ნდობის გამო მივიჩნევ,'' - სუარესის სიტყვებს Marca ციტირებს.
ლუის სუარესი ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით ,,ბარსელონაში'' 2014 წლიდან 2017 წლამდე მუშაობდა. ამ პერიოდში კატალონიურმა გუნდმა ლა ლიგა (2-ჯერ), ესპანეთის თასი (3-ჯერ) სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
ესპანეთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის E ჯგუფში კოსტა რიკასთან, გერმანიასთან და იაპონიასთან ერთად იასპარეზებს. ლუის ენრიკეს გუნდი პირველ შეხვედრას 23 ნოემბერს კოსტა რიკას წინააღმდეგ გამართავს.