Belive

სპალეტი: ,,თუ კვარაცხელიას ზურგს შეაქცევ, მკვდარი ხარ''

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, ,,ატალანტასთან'' მოგებული მატჩი შეაფასა:

,,ერთი-ერთზე თამაშისას კვარაცხელიას მნიშვნელოვანი თვისება აქვს, თუ მას ზურგს შეაქცევ, მკვდარი ხარ. ვულოცავ ასეთი ხარისხიანი მატჩის ჩატარებას, ის მეკარის პირისპირ ორჯერ აღმოჩნდა. საფრთხეს ყოველთვის ქმნიდა და მარადონას დონის გოლი გაიტანა. როცა სახეში გიყურებს და გეზი შენკენ აქვს აღებული, ძალიან ითრგუნები, ასეთ დროს მსოფლიოში ყველაზე ძლიერებიც შეიძლება შეწუხდნენ.

,,ატალანტამ'' ძალიან კარგად ითამაშა, დუელებში სირთულეები შეგვიქმნა. გოლების გატანა და ამ მატჩის მოგება გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ფეხბურთელებმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს და გამარჯვება დაიმსახურეს.

,,ლაციოსთან’’ წაგებული მატჩის შემდეგ, ისინი წარმოუდგენლად იბრძოდნენ. კიმი ერთ თამაშში 20 საოცრებას აკეთებს, ჩემთვის ის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მცველია. თავს კარგად გრძნობს, ვუთხარი, რომ არაფერი მოიგონოს, რადგან ხვალ დილით ვარჯიშია (იცინის).

,,როდესაც გადაწყვეტ, ,,ნაპოლიში'' მუშაობას დათანხმდე, გაიგებ ამ კლუბის ისტორიას და შეიგრძნობ იმ ემოციებს, რაც ხალხს გუნდის მიმართ აქვს. ასეთ ხალხთან ერთად ცოტა მაღალი მიზნები უნდა დაისახო. გულშემატკივრები მესამე ადგილზე გასვლით კმაყოფილები ვერ იქნებიან, უნდა მოიგო. ყველანი დარწმუნებულები ვართ, რომ შემტევ, თანამედროვე ფეხბურთს ვთამაშობთ, ვინარჩუნებთ ბურთს, მაშინაც კი, როცა მეტოქე პრესინგს მიმართავს. როცა ისეთი ფეხბურთელები გყავს, როგორიც ანგისა, ლობოტკა და დი ლორენცო არიან, ყველაფერი უფრო მარტივია,'' - განაცხადა სპალეტიმ.

იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში ,,ნაპოლიმ” ,,ატალანტას” უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

26 ტურის შემდეგ, ნეაპოლელები 68 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზე არიან.

ლუჩიანო სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 16 მარტს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, ,,აინტრახტთან” შინ გამართავს.

სხვა სტატიები