სპაერი საქართველოს თასის მფლობელია
ისტორიაში პირველად, საქართველოს რანგით მე-2 ლიგაში მოთამაშე "სპაერი" საქართველოს თასის გამარჯვებული გახდა. სპაერმა ფინალში თბილისის დინამო პენალტების სერიაში დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, პენალტების სერია კი სპაერმა 5:4 მოიგო.
შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგა. დინამო თბილისი დავით ყიფიანის სახელობის თასის 13-გზის გამარჯვებულია, რაც რეკორდია და ამრიგად, ფავორიტად სწორედ დინამო ითვლებოდა. შეხვედრა დინამოს უპირატესობით დაიწყო და სპაერს მომენტები თითქმის არ ექმნებოდა, თუმცა პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე, გიორგი ცეცხლაძემ დინამოს მეკარის შეცდომით ისარგებლა და ანგარიშიც გახსნა.
მეორე ტაიმში, დინამომ, 4-წუთიან მონაკვეთში მოახერხა წინ გასვლა. სპაერს 64-ე წუთზე ჯერ მათე ვაწაძემ გაუტანა, შემდეგ კი საბა ხვადაგიანმა. მატჩის მიწურულს, 88-ე წუთზე, დინამოს აკადემიის აღზრდილმა საბა გეგიაძემ ანგარიში გაათანაბრა და სპაერს პირველი ტიტულის მოგების შანსი შეუნარჩუნა.
11-მეტრიანების სერია უკეთ სპაერის ფეხბურთელებმა შეასრულეს და საქართველოს თასიც დარჩა გუნდს, რომელიც 2017 წელს დაფუძნდა და მეორე ლიგაშიც მე-6 პოზიციაზეა. აღსანიშნავია, რომ სპაერსა და "დინამო 2"-ს ერთნაირი 48 ქულა აქვთ.