სკალონი: ,,ხვალინდელი მატჩი მესისა და მბაპეს დაპირისპირებაზე მეტია''
არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, საფრანგეთთან გასამართ მატჩზე ისაუბრა:
,,თამაშის გეგმა ნათელია. ვიცით, როგორ შევებრძოლოთ მათ, ვიცით მათი ძლიერი მხარეები. ვეცდებით, ჯარიმები თავიდან ავიცილოთ. საფრანგეთს არჩევანი ყველა ზონაში აქვს. მეტოქეს ბურთით თამაშიც შეუძლია და კონტრშეტევებზეც ძალიან სახიფათოა. მათ აწყობთ თუ ბურთი ჩვენ გვექნება, რადგან წართმევის შემდეგ მოწინააღმდეგეს სასიკვდილო დარტყმას აყენებენ. ოთხი მცველით ვითამაშებთ თუ ხუთით? ჯერ არ გადამიწყვიტავს. ბოლო ვარჯიში გვექნება და ფეხბურთელები ყველაფერს გაიგებენ. გადაწყვეტილება იმის შესახებ თუ როგორ ვითამაშებთ ხვალ, ნაკარნახევი იქნება იმით, რომ ჩვენს მეტოქეს პრობლემები შევუქმნათ.
ეს გუნდური სპორტია და არა ინდივიდუალური. საუბარი მხოლოდ მბაპეზე არ არის. საფრანგეთს სხვა დიდი ფეხბურთელებიც ჰყავს. კილიანი ერთ-ერთი მათგანია, ის ახალგაზრდაა და ეჭვგარეშეა, რომ პროგრესირებას გააგრძელებს. ხვალინდელი მატჩი მესისა და მბაპეს დაპირისპირებაზე მეტია. ჩვენ გვაქვს საჭირო იარაღი, რომლის წყალობითაც მატჩის ბედის გადაწყვეტა სხვა ფეხბურთელებსაც შეუძლიათ. ლეო თავს კარგად გრძნობს. ვიმედოვნებთ, რომ სასწორი ჩვენკენ გადმოიხრება,'' - განაცხადა სკალონიმ.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ეროვნული ნაკრები საფრანგეთს შეხვდება. მატჩი კვირას, 18 დეკემბერს, 19:00 საათზეა ჩანიშნული.