Belive

შოტლანდიის ნაკრების მწვრთნელი: "ქეცბაიას ვიცნობ - ცეცხლოვანი პიროვნებაა, საქართველოსთან კი ცუდი მოგონებები გვაქვს"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კლარკმა, უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჯგუფში საქართველოსა და კვიპროსის ნაკრებებთან ერთად მოხვედრის შემდეგ როგორც ჩვენს, ისე თემურ ქეცბაიას გუნდის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ გვაქვს უახლეს წარსულში კვიპროსის წინააღმდეგ დაპირისპირების ისტორია. ჩემი პირველი მატჩი, მთავარი მწვრთნელის რანგში, სწორედ კვიპროსის წინააღმდეგ შედგა.

მათ საკმაოდ კარგად ვიცნობთ და მათ მწვრთნელ თემურ ქეცბაიასთან ნაცნობობა მაკავშირებს. მასთან ერთად "ნიუკასლში" ვიმუშავე, ასე რომ, დაახლოებით შეგვიძლია ვივარაუდოთ თუ რას უნდა ველოდოთ მათთან დაპირისპირების დროს. იგი ცეცხლოვანი ხასიათის მქონე და ამავე დროს კარგი პიროვნებაა. მას აქვს გამოცდილება, მათ შორის საკუთარი ქვეყნის ნაკრებთან ერთად.

რაც შეეხება თავად საქართველოს ნაკრებს, მათთან არა პირადად მე, თუმცა მთლიანად შოტლანდიის ეროვნულ გუნდს ცუდი მოგონებები აკავშირებს. ახლა ამ ყველაფრის გამოსწორების შანსი გვაქვს", - თქვა 59 წლის სპეციალისტმა, რომელიც წარსულში "ნიუკასლის", "ჩელსის", "ვესტ ჰემის", "ლივერპულის" და "ასტონ ვილას" შემადგენლობაში მთავარი მწვრთნელების ასისტენტად მუშაობდა, ნაკრებამდე კი "კილმანროკს" ხელმძღვანელობდა.

ვილი სანიოლის მიერ გაწვრთნილი გუნდი უეფას ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის A ჯგუფში ითამაშებს, რომელშიც 4 მეტოქე ეყოლება: ესპანეთი, ნორვეგია, შოტლანდია და კვიპროსი.

სხვა სტატიები