შოთა არველაძე: ,,შემდეგი მატჩის მოსაგებად მწვრთნელს კვარაცხელია სჭირდებოდა, სწორედ ამიტომ გამოცვალა''
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ამჯერად კი ,,ჰალ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ, ,,ნაპოლის'' თავდამსხმელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:
,,საოცარი შეგრძნებაა და ძალიან დიდი ხანია, ალბათ, არ ყოფილა ასეთი მდგომარეობა, რომ ვიღაცას მთელი ერი ასე ელოდებოდეს. კვარაცხელიამ ეს ყველაფერი ძალიან მალე შექმნა, ამას აჩვენებდა კიდეც საქართველოს ნაკრებში ბოლო თამაშებით, საქართველოში დაბრუნებით. მე ვფიქრობ, რომ ყველასთვის ძალიან კარგი და სამაგალითო დაწყებაა.
რაღაც ეტაპი განვლო ამ ბავშვმა და უკვე იქ არის. საოცარი შერწყმაა ძალის, ფიზიკური მონაცემების, შრომისმოყვარეობის და, პლუს ამას, ტალანტის. ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდებოდა ქართულ ფეხბურთში. ხვიჩას ბევრი რამ შეუძლია ერთად, რასაც მერე მსოფლიო ვარსკვლავს ეძახიან.
,,ლივერპულთან'' მატჩში, სხვათა შორის, ძალიან მალე გამოცვალეს. მიდგომა არის ყველაზე მარტივი, შემდეგი თამაში აქვთ 3 დღეში, ეს შეხვედრა გუნდს უკვე მოგებული ჰქონდა, მწვრთნელს პირველი ვინც სჭირდებოდა შემდეგი მატჩის მოსაგებად იყო კვარაცხელია, ჰოდა გამოცვალა. ჩემი აზრით, ეს უფრო იმის აღიარებაა, რომ პირველი თუ ვინმე სჭირდება, ეს ხვიჩაა. კვარას ბევრი 90 წუთის თამაში მოუწევს და ჩვენი გულშემატკივარი ბევრი საოცარი მატჩის მხილველი იქნება.
გულახდილად ვამბობ, რომ მაქსიმალურად შევეცდები, ყველა ასაკის გულშემატკივარმა, ჩავიდეს ნეაპოლში და ცოცხლად ნახოს მისი თამაში,'' - განაცხადა არველაძემ TV პირველის პირდაპირ ეთერში.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ,,ნაპოლიმ” ,,ლივერპულს” უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა და მონაწილეობა სხვა გოლებშიც მიიღო.
მიმდინარე სეზონში კვარას ანგარიშზე ,,ნაპოლის” მაისურით ჩატარებულ 6 შეხვედრაში 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.