Belive

"შეკრებაზე ბევრი დებიუტანტია და მინდა მივულოცო მათ" - სანდრო ალთუნაშვილი

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ივნისის შეკრების მესამე ვარჯიში გამართა. სფფ-ის ტექნიკური ცენტრის, ბასას მოედანზე ჩატარებულ საწვრთნელ პროცესში 22 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

2 ივნისს, ეროვნულ გუნდს გიორგი გულიაშვილი და საბა ლობჟანიძე შეუერთდნენ. ტრავმის გამო, ივნისის ამხანაგურ მატჩებისთვის მზადებას გიორგი ზარია გამოაკლდა. 

მზადების პროცესისა და მოახლოებული მატჩების შესახებ ჩვენი გუნდის ფეხბურთელებმა, გიორგი გველესიანმა და სანდრო ალთუნაშვილმა ისაუბრეს:

ნაკრებში გამოძახება ყოველთვის სასიამოვნო და საამაყოა. ნებისმიერ მეტოქეს მაღალი პროფესიონალიზმით ვუდგებით. ისეთი პერიოდია, რომ ზოგ ფეხბურთელს შედარებით ადრე დაუსრულდა სეზონი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა ფორმა და მზადყოფნაში შევხვედროდით ამ თამაშებს. შევისწავლით მეტოქეებს და ველოდებით ძალიან კარგ სპარინგებს.

მისასალმებელია, რომ ნებისმიერ ფეხბურთელს, რომელიც მზადყოფნაშია, ეძლევა ეროვნულ ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი. ყველაფერი მათზეა დამოკიდებული და დარწმუნებული ვარ, მომავალში ისინი აუცილებლად გამოადგებიან ნაკრებს - გიორგი გველესიანი - ეროვნული ნაკრების წევრი
ნაკრებში ჩამოსვლა ყოველთვის სასიამოვნოა. შეკრებაზე ბევრი დებიუტანტია და მინდა მივულოცო მათ. საწვრთნელი პროცესი კარგად მიმდინარეობს. ვემზადებით მოახლოებული თამაშებისთვის და იმედი მაქვს, ჩვენთვის სასურველი შედეგით დავასრულებთ. სეზონის ბოლოა და ვცდილობდი, რომ კარგ ფორმაში და ჯანმრთელად შევხვედროდი მოახლოებულ თამაშებს.

დინამო არენა ნაკრების თითოეული წევრისთვის სახლივითაა და ამ სტადიონზე თამაში ყოველთვის სასიამოვნოა. ქუთაისში კი ნამდვილად იციან გულშემატკივრობა და ვფიქრობ, რომ კარგ ატმოსფეროს შექმნიან - სანდრო ალთუნაშვილი - ეროვნული ნაკრების წევრი

ივნისის სანაკრებო პაუზის ფარგლებში საქართველოს ნაკრები 5 ივნისს, დინამო არენაზე ფარერის კუნძულების ნაკრებს უმასპინძლებს. 8 ივნისს. ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩვენი გუნდის მეტოქე კაბო-ვერდეს ეროვნული ნაკრები იქნება. ორივე მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

ეროვნული ნაკრები

სხვა სტატიები