Belive

მარსელინო: "ჩემს გუნდს რწმენა, სულისკვეთება და ბრძოლისუნარიანობა აქვს, ნებისმიერს შევეჯიბრებით"

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ვილიარეალის მთავარი მწვრთნელი, მარსელინო უეფას ჩემპიონთა ლიგის, ლიგის ფაზის მეორე ტურში ტურინის იუვენტუსთან ნათამაშები ფრის (2:2) შემდეგ საუბრობს.

"არაჩვეულებრივი განცდა მაქვს. ისეთი შესანიშნავი გუნდის პირისპირ, როგორიც იუვენტუსია, თანაბარ პირობებში ვთამაშობდით და ვიბრძოდით, რაც ზუსტად ის არის, რისი გაკეთებაც მატჩის წინ გვინდოდა.

ასეთ დონეზე საკუთარი მომენტები უნდა გამოიყენო, ჩვენ კი შანსები საწყის ტაიმში მოგვეცა. მეორე ტაიმის დასაწყისში შეცდომები დავუშვით. წარმატების მისაღწევად საკუთარი შესაძლებლობების 100% 90 წუთის განმავლობაში უნდა გაიღო, ჩვენ კი ეს 80 წუთით გავაკეთეთ. იმ 10 წუთის განმავლობაში, როცა ყურადღება მოვადუნეთ, მეტოქემ ისარგებლა და 2 გოლი გაგვიტანა, კარგია, რომ რეაგირება მაინც მოვახერხეთ.

ჩემი გუნდის ფეხბურთელებს აქვთ სულისკვეთება, რწმენა, ამბიცია და ბრძოლისუნარიანობა, რაც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორ შეხვედრაში ვაჩვენეთ და ეს დამთხვევა არ არის. შეგვიძლია, კონკურენცია ნებისმიერ მეტოქეს გავუწიოთ. ვერ მოვიგეთ, მაგრამ მაინც კმაყოფილი და ამაყი ვარ", - ამბობს მარსელინო.

ვილიარეალმა იუვენტუსთან მატჩში ანგარიში გიორგი მიქაუტაძის გოლით გახსნა. საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა ფორვარდმა ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო, ვილიარეალის შემადგენლობაში მეორე, ახალ სეზონში კი მესამე გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები