"შედეგი სამართლიანია, მაგრამ ანგარიში შეუსაბამო" - ლუის ენრიკე
გასულ ღამეს ჩემპიონთა ლიგაზე საკმაოდ მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. "ნიუკასლმა" "სენტ ჯეიმს პარკზე" "პსჟ-ს" უმასპინძლა და მეტოქე 4:1 დაამარცხა.
ბუნებრივია, რომ აღნიშნული მარცხის შემდეგ, პარიზელთა თავკაცს ლუის ენრიკეს კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოუწია გავლა. ფრანგული მედია აქტიურად წერს იმის შესახებ, რომ ესპანელმა სპეციალისტმა არასწორი ტაქტიკა შეარჩია. ენრიკემ ნახევარდაცვაში არჩევანი მანუელ უგარტეზე და 17 წლის ზაირ-ემერიზე შეაჩერა. სხვადასხვა სპორტული გამოცემები თვლიან, რომ მარცხის მთავარი მიზეზი სწორედ ეს იყო.
ამ თემასთან დაკავშირებით, ისაუბრა ლუის ენრიკემ და განაცხადა, რომ ყველაფერზე პასუხისმგებელი ის არის.
პირველ ყოვლისა, ამ შედეგზე პასუხისმგებელი მე ვარ. პრობლემა ფეხბურთელებში არ ყოფილა. შეიძლება თქვენ სხვა თამაში ნახეთ. ჩემი ფეხბურთელების დამოკიდებულებით კმაყოფილი ვარ. შედეგი სამართლიანია, მაგრამ ანგარიში შეუსაბამო. კმაყოფილი ვარ იმით, რაც ჩემმა მოთამაშეებმა გააკეთეს.
ჩემპიონთა ლიგაზე ორი შეხვედრა გავმართეთ და მეორე ადგილზე ვართ. საინტერესო ჯგუფია. ვულოცავ "ნიუკასლს", რომელმაც რა თქმა უნდა გამარჯვება დაიმსახურა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ანგარიში გუნდებს შორის სხვაობას საერთოდ არ ასახავს. - განაცხადა ლუის ენრიკემ
შეგახსენებთ, რომ "პსჟ" F ჯგუფში "ნიუკასლთან", "დორტმუნდთან" და "მილანთან" ერთად იმყოფება. პარიზულ კლუბს შემდეგი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე "მილანის" წინააღმდეგ, 25 ოქტომბერს ელის. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.