შახტარის მწვრთნელი: "გოჩოლეიშვილი მოედანზე განსაკუთრებული იყო..."
ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის გახსნით მატჩში, "შახტარმა" "ბარსელონას" გერმანიაში უმასპინძლა და სენსაცია დააფიქსირა.
უკრაინულმა კლუბმა მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მატჩის გამარჯვების მომტანი გოლის საგოლე გადაცემა, საქართველოს ნაკრების მარჯვენმა მცველმა - გიორგი გოჩოლეიშვილმა გააკეთა.
ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვების შემდეგ, უკრაინული გრანდის ხორვატმა მთავარმა მწვრთნელმა - მარინო პუსიჩმა, მატჩისშემდეგომი პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"პირველ რიგში მინდა ჩემს ბიჭებს მივულოცო ეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება. ეს გამარჯვება მათ ძალიან დიდ მოტივაციასა და თავდაჯერებულობას შესძენს. მათ ვეუბნებოდი, რომ თუ დაცვაში მაგრად ვითამაშებდით, შეტევაშიც ყველაფერი გამოგვივიდოდა და ასეც მოხდა.
დაცვის კომპონენტში ყველამ ძალიან დიდი სამუშაო გასწია, თუმცა განსაკუთრებულად მინდა გამოვარჩიო გიორგი გოჩოლეიშვილი, რომლისთვისაც ეს მატჩი დადებითისკენ ძალიან ბევრ რამეს შეცვლის. გიორგიმ თითქმის შეუცდომლად ითამაშა.
რაც ყველაზე მთავარია, ჯგუფიდან გასვლის შანსი შევინარჩუნეთ და ამითი ბედნიერი ვარ. ჩემპიონატში მნიშვნელოვანი მატჩები გვაქვს წინ და დღევანდელი გამარჯვებით კი ვართ ძალიან ბედნიერები, თუმცა ხვალიდან უკვე ახალ საქმეს უნდა შევუდგეთ..." - მარინო პუსიჩი
ქართველი მცველი მთელი შეხვედრის განმავლობაში კარგად გამოიყურებოდა. გუნდს როგორც დაცვაში, ისე შეტევაშიც ეხმარებოდა. Whoscored-ის მიხედვით გოჩოლეიშვილმა 6.15, ხოლო Sofascore- ს მიხედვით 7.0 შეფასება დაიმსახურა.
"ბარსელონასთან" გამარჯვებით "შახტარმა" 6 ქულა მოაგროვა და ჯგუფში მე-3 ადგილს იკავებს. დონეცკელებს ჩემპიონთა ლიგაზე მომავალი მატჩი "ანტვერპენის" წინააღმდეგ ელით, რომელიც 28 ნოემბერს არის ჩანიშნული.