სეზონი დასრულდა - ნეიმარის ტრავმა ნავარაუდევზე მძიმე აღმოჩნდა!
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სამხრეთ ამერიკის ზონის შეხვედრაში, ურუგვაისა და ბრაზილიის დაპირისპირება გაიმართა. დარვინ ნუნიესის ბრწყინვალე თამაშის შედეგად, ურუგვაიმ მეტოქე 2:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ურუგვაისთან წაგებული მატჩის პარალელურად, "სელესაოს" ფანები კიდევ ერთმა გარემოებამ დაამწუხრა. პირველი ტაიმის მიწურულს ნეიმარმა ტრავმა მიიღო და მოედანი საკაცით დატოვა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიელი ვარსკვლავი წლის ბოლომდე დაბრუნდებოდა, თუმცა, მოგვიანებით ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ნეიმარის ტრავმა ნავარაუდევზე გაცილებით მძიმეა.
"ალ ჰილალმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ ნეიმარმა მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. ტრავმის სიმძიმიდან გამომდინარე, ნეიმარს ოპერაცია ესაჭიროება, შემდეგ კი ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პროცესი დაიწყება, რომელიც მინიმუმ რამდენიმე თვე გასტანს. ნეიმარის მოედანზე დაბრუნების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია.