"მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებს, ყველაზე წარმატებული მენეჯერი გაუძღვება" - სელესაო ანჩელოტიზე
მიმდინარე სეზონის მე-4 "ელ კლასიკოში" განცდილი მარცხიდან 24 საათის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ კარლო ანჩელოტი ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებს ჩაიბარებს.
სახელოვანი იტალიელი სპეციალისტი "სელესაოს" მიმდინარე წლის ივნისიდან გაუძღვება და ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ეკვადორისა და პარაგვაის წინააღმდეგ გასამართი მატჩებისთვის მოამზადებს. ცნობილია, რომ ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ კარლო ანჩელოტის კონტრაქტი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე გაუფორმა.
გაფორმებულ კონტრაქტთან დაკავშირებით ანჩელოტის ჯერ არაფერი უთქვამს, თუმცა ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალური მოხსენება გამოაქვეყნა.
საფეხბურთო ისტორიაში უდიადეს ეროვნულ ნაკრებს, ყველაზე სახელოვანი მენეჯერი გაუძღვება. კარლო ანჩელოტი, რომელიც ისტორიული მიღწევების სინონიმია, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ედნალდო როდრიგესმა "სელესაო" მთავარ მწვრთნელად დანიშნა. - ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია.
Carlo Ancelotti will become the new head coach of Brazil this month, per multiple reports 🇧🇷 pic.twitter.com/75Nq172iuC
— B/R Football (@brfootball) May 12, 2025
შეგახსენებთ, რომ ეკვადორისა და პარაგვაის წინააღმდეგ ჩანიშნული მატჩები 6 და 11 ივნისს გაიმართება.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის, სამხრეთ ამერიკის ზონის განვლილი 14 ტურის შემდეგ, ბრაზილია 21 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება და პირველადგილოსან არგენტინას 10 ქულით ჩამორჩება.