სერბები ევროპის ჩემპიონატის დატოვებით იმუქრებიან
სერბეთი UEFA-სგან ითხოვს, დაისაჯოს ხორვატია და ალბანეთი, მას შემდეგ რაც მათი გულშემატკივრები სიძულვილის გამომხატველ შეძახილებში დაადანაშაულეს - ოთხშაბათს, ევრო 2024-ის მატჩის დროს, ჰამბურგში.
სერბეთის ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, იოვან სურბატოვიჩმა განაცხადა, რომ ოფიციალური საჩივარი უკვე წარდგენილია, რომელშიც ნათქვამია, რომ ხორვატიისა და ალბანეთის გულშემატკივრები სკანდირებდნენ "მოკალი, მოკალი, მოკალი სერბი" მათ შორის 2:2 დასრულებული შეხვედრის მიმდინარეობისას. სერბეთი, რომელსაც თავად UEFA ინგლისთან მომხდარ გარკვეულ ინციდენტებში ადანაშაულებს, არ გგამორიცხავს, რომ ევროპის ჩემპიონატი დატოვოს.
ის, რაც მოხდა სკანდალურია და ჩვენ მოვითხოვთ უეფას სანქციებს. თუ უეფა მათ არ დასჯის, ჩვენ ყველანაირ შესაძლებლობაზე ვიფიქრებთ, თუნდაც ეს ტურნირის დატოვებად დაგვიჯდეს - განაცხადა იოვან სურბატოვიჩმა
თავად UEFA-ს ბრალდება სერბეთის მიმართ მას შემდეგ გაჩნდა, რაც კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ „სერბი გულშემატკივრები პოლიტიკურ, შოვინისტურ და რასისტულ გზავნილებს აკეთებდნენ კოსოვოს წინააღმდეგ“ ინგლისთან შეხვედრის მიმდინარეობისას.