Belive

ქოჩორაშვილი: "საქართველო წმინდაა და მას სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დავიცავთ"

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანური ყოველდღიური გაზეთი გიორგი ქოჩორაშვილს ფელბერტის საწრთვნელ ბაზაზე, გერმანიაში ესტუმრა და მისგან ვრცელი ინტერვიუ აიღო. დღეს საქართველოსა და ესპანეთის ნაკრების შეხვედრაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ესპანეთში მოთამაშე ქართველები იქაური ჟურნალისტებისთვის კიდევ უფრო აქტუალურები არიან. ინტერვიუ ეხება საქართველოში გატარებულ ბავშვობასა და პროფესიონალად ჩამოყალიბების ეტაპებს.

საქართველო საოცარი ადგილია. პრობლემები, რა თქმა უნდა, გვაქვს, მაგრამ ხალხი მშვენიერი, მოსიყვარულე და შრომისმოყვარეა. ჩვენმა მშობლებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ კარგი ცხოვრება გვქონდეს, ყოველთვის თავმდაბლობითა და პატივისცემით გვზრდიდნენ. მათ საუკეთესოდ დაგვიცვეს და მოგვცეს განათლება, რომ კარგი ადამიანები ვყოფილიყავით.

ჩემი ცხოვრება იყო სკოლაში სიარული და ფეხბურთის თამაში. ჩემს ბავშვობაში უკვე ბევრი ვიდეო თამაში იყო, მაგრამ საქართველოში ბავშვები მაინც გადიოდნენ ქუჩაში სათამაშოდ. მე ფეხბურთს ოთხი ოთხის წინააღმდეგ ან ხუთი ხუთზე ვთამაშობდი. მართალია, ეს კულტურა ზოგიერთ ქვეყანაში დაიკარგა, მაგრამ არა საქართველოში.

ქართველებს გვიყვარს დიდი ოცნება. ჩვენთვის საქართველო წმინდაა. ჩვენ ვაპირებთ მის დაცვას ჩვენი სისხლის ბოლო წვეთამდე, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, რომელსაც უამრავი ომი გამოუცდია. გვაქვს ჩვენი ენა, ჩვენი დამწერლობა. ბევრი რამ შევინარჩუნეთ იმის გამო, თუ როგორი დამოკიდებულება გვაქვს ქვეყნის მიმართ. ვფიქრობთ მშობლებზე, შვილებზე და მთელ ოჯახზე. ჩვენ გავიზარდეთ თავისუფალ ქვეყანაში და სკოლაში მივხვდით რას ნიშნავდა, როცა საქართველოს დასაცავად დაიღუპნენ და შეძლეს ჩვენი რელიგიის, ჩვენი ენისა და მიწების შენარჩუნება. ამ გრძნობის გადმოცემას ვცდილობთ ფეხბურთის მოედანზე.

ბევრად უკეთესი გუნდი ვართ, ვიდრე ერთი წლის წინ, ექვსი თვის წინ, თუნდაც ხუთი დღის წინ. სისულელე იქნებოდა ამ თამაშების დღევანდელ საღამოსთან შედარება, ასე რომ, ესპანეთთან ყველაფერი შეიძლება მოხდეს. არ ვფიქრობთ მხოლოდ შედეგზე, რადგან ჩემი აზრით, ეს არამომგებიანია. მხოლოდ შედეგზე ორიენტირება ხშირ შემთხვევაში უარესი შედეგის მომტანია. - განაცხადა გიორგი ქოჩორაშვილმა

ესპანეთისა და საქართველოს მერვედფინალური დაპირისპირება დღეს კიოლნის სტადიონზე, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. წყვილიდან გასულს 1/4 ფინალში მასპინძელი გერმანიის ნაკრები შეხვდება.

სხვა სტატიები