Belive

საუდის არაბეთში კვარაცხელიას ბედი გადაწყდება - ახალი კონტრაქტი და სოლიდური ხელფასი?!

11 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

"ნაპოლი" საუდის არაბეთში იმყოფება, სადაც იტალიის სუპერთასის ნახევარფინალურ მატჩს 18 იანვარს "ფიორენტინას" წინააღმდეგ გამართავს.

ცნობილი ნეაპოლური გაზეთი "Il Mattino"-ს ინფორმაციით, ქართველი ვარსკვლავის აგენტები, არაბეთში კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდებიან და ახალი კონტრაქტის დეტალებზე ისაუბრებენ.

"Il Mattino"-ს დღევანდელი გამოცემის მიხედვით, ხვიჩა კვარაცხელია ხელფასის სახით სეზონში დაახლოებით 1,3 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხელფასია "ნაპოლის" რიგებში. მისმა არაჩვეულებრივმა თამაშმა და გუნდში მნიშვნელოვანმა წვლილმა გამოიწვია დებატები სახელშეკრულებო ცვლილებების შესახებ. საუდის არაბეთში გასამართი შეხვედრა, როგორც ჩანს, შესანიშნავი გარემოა ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის ღიად განსახილველად.

როგორც ცნობილი ხდება, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტები (მამუკა ჯუღელი და კრისტიან ძაკარდო) ახალ კონტრაქტს მოითხოვენ, რაც შემდეგ დეტალებს გულისხმობს: ანაზღაურების სახით ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღოს 3.5 მილიონი ევროდან 4 მილიონ ევრომდე და კონტრაქტი 2028 წლის ჩათვლით.

ხვიჩა კვარაცხელია და ლეონ ოსტიგორი საუდის არაბეთში

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" ღირსებას 2022/2023 წლების სეზონიდან იცავს. 22 წლის ქართველი ფეხბურთელის მონაგარი ნეპალურ გრანდში შემდეგია: 69 ჩატარებულ მატჩში გატანილი 19 გოლი და შესრულებული 22 საგოლე გადაცემა.

ამ ყველაფერთან ერთად, ხვიჩა კვარაცხელია გასული წლის ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა, "ნაპოლისთან" ერთად მოიგო სერია A და "ატალანტას" კარში გატანილი გოლი, სერია A-ს სეზონის საუკეთესო გოლად დაასახელეს.

სხვა სტატიები