Belive

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათებში რომა ლეველინგის დამატებას ცდილობს

1 კვირის წინ ფეხბურთი
2 წთ

რომას სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათებში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტრანსფერის განხორციელება სურს. „ჯალოროსი“ ჯან პიერო გასპერინის შემადგენლობის გასაძლიერებლად შემტევის დამატებას ცდილობს და ამჯერად სამიზნე შტუტგარტის გერმანელი ვინგერი ჯეიმი ლეველინგია.

როგორც ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომამ ბოლო საათებში ლეველინგის ტრანსფერზე მოლაპარაკებები განაახლა და ფეხბურთელს გაუმჯობესებული პირობები შესთავაზა. თავდაპირველად ლეველინგი რომში გადასვლის წინააღმდეგი იყო და ოჯახური მიზეზების გამო გერმანიაში დარჩენა სურდა, თუმცა სიტუაცია შეიცვალა და ახლა ფეხბურთელი იტალიაში გადასვლისთვის მზად არის.

იტალიური კლუბი 2001 წელს დაბადებული ლეველინგის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ფიქსირებულ თანხას და კიდევ 5 მილიონ ევროს ბონუსების სახით სთავაზობს. გავრცელებული ინფორმაციით, შტუტგარტი შემოთავაზებულ თანხას უკვე დადებითად უყურებს და ახლა მთავარი საკითხი ფეხბურთელის საბოლოო თანხმობა და გარიგების დროულად დასრულებაა.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, რომამ ბოლო საათებში ზეწოლა როგორც ფეხბურთელზე, ისე შტუტგარტზე მნიშვნელოვნად გაზარდა და საბოლოო პასუხი მალე უნდა გახდეს ცნობილი. თუ ლეველინგი საბოლოო თანხმობას განაცხადებს, რომა მზად არის გარიგება უმოკლეს დროში დახუროს და ფეხბურთელი დღესვე რომში ჩაიყვანოს.

იტალიური გამოცემა Il Tempo კი წერს, რომ ფრიდკინების ოჯახმა უკვე გაგზავნა თვითმფრინავი შტუტგარტში ფეხბურთელის წამოსაყვანად, საბოლოო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში რომასთვის სამედიცინო შემოწმებისა და კონტრაქტის გაფორმების ორგანიზება ოპერატიულ რეჟიმში მოხდება.

თუ გარიგება წარმატებით დასრულდება, ლეველინგი გასპერინის გუნდისთვის მნიშვნელოვანი გაძლიერება იქნება და რომა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს კიდევ ერთ ხმაურიან ტრანსფერს განახორციელებს.

სხვა სტატიები