Belive

საქართველოს მეტოქეები ცნობილია | ურთიერთშეხვედრების ისტორია

1 კვირის წინ ფეხბურთი
3 წთ

საქართველოს ნაკრების მეტოქეები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჯგუფში ცნობილია.

შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გამართულ წილისყრაზე საქართველოს ნაკრები მესამე კალათაში გახლდათ განთესილი, საიდანაც E ჯგუფში მოხვდა. "ჯვაროსნები 4-გუნდიან ქვეჯგუფში იასპარეზებენ, სადაც ესპანეთსა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულს, თურქეთსა და ბულგარეთს დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ნაკრებს თითოეულ მათგანთან მინიმუმ 1 შეხვედრა მაინც აქვს გამართული. გაგაცნობთ ურთიერთშეხვედრების ისტორიას:

ესპანეთი

ჩამოთვლილთაგან, ყველაზე უხერხული მეტოქე ესპანეთის ნაკრებია: "ფურია როხასთან" "ჯვაროსნებმა" 8 შეხვედრა გამართეს (1 გამარჯვება, 7 მარცხი. ბურთების შეფარდება 5-23). გავიმარჯვეთ მხოლოდ ერთხელ, ამხანაგურ მატჩში (2016 წლის ივნისი), თორნიკე ოქრიაშვილის გოლით (0:1).

ორჯერ გვქონდა დასანანი მარცხი: 2012-ში, როდესაც მატჩის მიწურულს, "დინამო არენაზე", სოლდადომ (86 წთ.) შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა და 2021-ში, როდესაც დანი ოლმომ 92-ე წუთზე შორეული დარტყმით გიორგი ლორიას კარი აიღო. სხვა შემთხვევებში, ესპანეთი დომინანტურად გვამარცხებდა.

ყველაზე დასამახსოვრებელი, ცხადია, ევრო 2024-ის დაპირისპირება იყო: ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში, ესპანეთს გავუთანაბრეთ, თუმცა ტურნირის მომავალმა გამარჯვებულმა ჩვენს დაცვაში რამდენიმე ნაპრალი იპოვა და ანგარიშით 4:1 დაგვამარცხა.

ნიდერლანდები

ნიდერლანდებისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების გზა დღემდე მხოლოდ ერთხელ გადაიკვეთა: 2021 წლის ივნისში, ჩვენს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა და ანგარიშით 3:0 დასრულდა. გოლები მემფის დეპაიმ, ვაუტ ვეგჰორსტმა და რაიან გრავენბერხმა გაიტანეს. ნიდერლანდებისთვის, ეს ევრო 2020-მდე ბოლო მატჩი იყო - შეგახსენებთ, კორონავირუსის გამო, ტურნირი 2021 წელს გაიმართა.

თურქეთი

თურქეთი ჩვენთვის ესპანეთივით ნაცნობი მეტოქეა: ვითამაშეთ 6-ჯერ (ჩვენს აქტივში 1 მოგება, 1 ფრე და 4 მარცხია). ასევე, ესპანეთის მსგავსად, თურქეთთან შეხვედრები ძირითადად უხვგოლიანია.

ყველაფერთან ერთად, თურქეთის ნაკრები ჩვენთვის ისტორიულ მნიშვნელობას ატარებს: ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრა სწორედ მეზობელ ქვეყანასთან გავმართეთ, რომელსაც დასავლურმა სპორტულმა მედიამ ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი უწოდა (1:3).

ბულგარეთი

ბულგარელებთან 8 შეხვედრა გვაქვს გამართული: 2 მოგება, 2 ფრე, 4 წაგება. საერთო ჯამში, ბურთების შეფარდება ბულგარელთა სასარგებლოდაა: 21-12.

ბულგარელებმა ორ შეხვედრაში გაგვიტანეს 6 გოლი (6:2, 6:2), თუმცა 2022 წელს, რევანში ავიღეთ და გასვლით მატჩში 2:5 გავიმარჯვეთ. რომ არა 94-ე წუთზე კვეკვესკირის გაფუჭებული 11-მეტრიანი, ერთ მარცხს გავქვითავდით, თუმცა გამარჯვებას სხვა მნიშვნელობა ჰქონდა: ერთა ლიგის C დივიზიონში ბულგარეთი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი გახლდათ და სწორედ ამ გზის წარმატებით გავლის შედეგად აღმოვჩნდით ევროპის ჩემპიონატზე.

2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ასე შეაფასა:

რთული ჯგუფი იქნება, როგორც თურქეთისთვის, ისე ყველა სხვა ნაკრებისთვის. იმის მიუხედავად, რომ ხუთი თვე გავიდა, თურქეთთან წაგებულ მატჩზე ჯერ კიდევ ვფიქრობთ. თანამედროვე ფეხბურთში ვხედავთ, რომ პატარა გუნდებსაც კი შეუძლიათ დიდ მეტოქეებთან გამარჯვება. - ვილი სანიოლი.