Belive

სანიოლი: ,,ვაცნობიერებ, ბოლო შედეგები არ იყო დამაკმაყოფილებელი. ვაგრძელებთ შრომას, მონდომებას''.

6 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

12 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ამხანაგური შეხვედრის ეგიდით, ტაილანდს დაუპირისპირდება. 

მატჩამდე ერთი დღით ადრე, 11 ოქტომბერს, გუნდებმა მატჩის მასპინძელ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშეს. დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, ვილი სანიოლმა ვრცლად ისაუბრა.

"ტაილანდთან მატჩი არის საშუალება, რომ კვიპროსთან შეხვედრისთვის მოვემზადოთ. შესაბამისად, ხვალინდელი დღე დიდი მნიშვნელობის მატარებელია.

ტაილანდის ნაკრები ტექნიკური ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. შესაძლოა, ისინი ტაქტიკურად მაღალ საფეხურზე არ იმყოფებიან, თუმცა, თუკი საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის შანსს მივცემთ, ისინი ამას აუცილებლად იზამენ. ამის პრევენციისთვის, მაღალი პრესინგით ვითამაშებთ.

ვაცნობიერებ, რომ ბოლოდროინდელი შედეგები არ იყო დამაკმაყოფილებელი. უნდა გავაგრძელოთ შრომა, მონდომება. ეს ფეხბურთის ნაწილია. ყოველი ნაკრების ისტორიაში, გვხვდება წარმატებული და წარუმატებელი ეპიზოდები. ჩვენს უკან, ჩვენი გულშემატკივარია, რომლის მხარდაჭერას მუდამ ვგრძნობთ - ვიგებთ ერთად, ვმარცხდებით ერთად.

"ჩემი ხელმძღვანელობით, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, საქართველოს ნაკრებში ბევრ ფეხბურთელს გაეხსნა კარი. ფეხბურთელებს აქტიურად ვაკვირდები, ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა. ხვალინდელ შეხვედრაში, მონაწილეობას მიიღებენ ის ფეხბურთელებიც, რომლებიც მოედანზე დიდი ხანია არ ყოფილან, მათ შორის შენგელია, სიგუა - მათ ექნებათ საშუალება, რომ საკუთარი პოტენციალი გამოავლინონ.

რაც შეეხება ძირითად შემადგენლობაში მოთამაშე მეკარეს - ჩვენს ნაკრებში მკაფიოდაა ჩამოყალიბებული შემდეგი იერარქია: მამარდაშვილი, ლორია, გუგეშაშვილი. ცხადია, ეს რთულია ლორიასთვის, რომელიც წლების განმავლობაში, პირველი ნომერი იყო, თუმცა იგი შრომასა და მონდომებას არ წყვეტს. ტაილანდთან მატჩში, ძირითად შემადგენლობაში სწორედ ის ითამაშებს". - ვილი სანიოლი

შეგახსენებთ, მატჩი 12 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 20:00 საათზე აიღებს სტარტს. ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელების შემადგენლობა ასეთია:

მეკარე: გიორგი ლორია („დინამო", თბილისი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი) 

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ალ ახდუდი“, ნაჯრანი, საუდის არაბეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ივა გელაშვილი („სპეცია“, ლა სპეცია, იტალია), ალექსანდრე კალანდაძე („დინამო“, თბილისი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), გაბრიელ სიგუა („ბაზელი“, შვეიცარია), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“, ვალენსია, ესპანეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგერი“, ვოლფსბერგი, ავსტრია), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, ატლანტა, აშშ), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი", ინგლისი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“, ამსტერდამი, ნიდერლანდები), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია).

სხვა სტატიები