"გავბედეთ და დავიჯერეთ, რომ შეგვიძლია" - შოთა არველაძე საქართველოს ნაკრებზე | ევრო 2024
5 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრების სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე ეხმაურება და სოციალურ გვერდზე პოსტს აქვეყნებს:
ისეთ რეალობაში გავატარეთ უკანასკნელი 2 კვირა, საკუთარი ხელითაც რომ ვერ დავწერდით უკეთეს სცენარს. გავბედეთ და დავიჯერეთ, რომ შეგვიძლია და მთავარი სწორედ ეს მგონია. ვერაფერი ახსნის ჩვენი ხასიათის სიმტკიცესა და განსაკუთრებულ ინდივიდუალიზმს ისე, როგორც ფეხბურთი. ეს ცოცხლად ვიხილეთ ევროპის საუკეთესო გუნდების წინააღმდეგ.
განსაკუთრებული გამოცდილება მივიღეთ ჩვენც: ტრიბუნაზე, ქუჩებში, პაბებსა და ყველა იმ სივრცეში, სადაც გერმანიაში ყოფნის დროს, ჩვენი ნაკრების საქომაგოდ ვიკრიბებოდით. ძალიან ბედნიერია მთელი ქვეყანა და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მუხტის დაჭერა და მისი გაძლიერებაა.
ვულოცავ ამ წარმატებას ეროვნულ ნაკრებს, კობის, იაშკას, ვილი სანიოლს, ნაკრების სტაფის ყველა წევრს და ყველა ქომაგს, რომელიც ამ უდიდესი ზეიმის მონაწილე გახდა. მადლობა ღირსეული თამაშისთვის და მადლობა იმ სიამაყისთვის, რომელიც მოგვანიჭეთ - შოთა არველაძის პოსტი სოციალურ ქსელში
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები თავის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში იყო, სადაც თურქეთთან 3:1 დამარცხდა, ჩეხეთთან ფრედ 1:1 ითამაშა და პორტუგალიის ნაკრებს 2:0 მოუგო. ჯგუფში ჩვენმა ნაკრებმა 4 ქულა დააგროვა და 1/8-ფინალის საგზური მე-3 ადგილით მოიპოვა, მერვედფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა და 4:1 დამარცხდა.