საბა ლობჟანიძის ატლანტამ ინტერ მაიამი დაამარცხა
"ატლანტა იუნაიტედმა" "ინტერ მაიამის" MLS-ის მერვედფინალური სერიის მეორე მატჩში უმასპინძლა და 2:1 გაიმარჯვა. საბა ლობჟანიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. დაძაბულ შეხვედრაში, მასპინძლები ტურნირიდან გამოვარდნას დამატებულ წუთებზე გადაურჩნენ - ატლანტამ გამარჯვების გოლი 94-ე წუთზე გაიტანა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა. პირველი შეხვედრა მაიამიმ ზუსტად იმავე ანგარიშით მოიგო.
მაშინ, როცა ანგარიში 1:1 იყო, მატჩის მიწურულს, საბა ლობჟანიძეს შესანიშნავი მომენტი შეექმნა, ქართველის ლამაზი დარტყმა ჯერ მეკარემ მოიგერია, შემდეგ კი მაიამელების კარის ხარიხას მოხვდა და სტუმრები გოლს გადაურჩნენ - საბა, როგორც წესი, ინტერ მაიამისთან განსაკუთრებულად შედეგიანად თამაშობს.
სერიის მესამე და გადამწყვეტი მატჩი 10 ნოემბერს გაიმართება და მასპინძელი ისევ შეიცვლება. მესის ინტერ მაიამი 1/4-ში გასვლას სახლის უპირატესობით შეეცდება.