Belive

როდის შედგება როდრის დებიუტი ბარსელონაში?!

3 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

დიდხნიანი მოლოდინის შემდეგ, ბარსელონა ოპტიმალურ ფორმას უახლოვდება. ორშაბათს გამართულ ვარჯიშზე გუნდს ორმხრივი დატვირთვით ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაუბრუნდა. ესპანური გამოცემა 'Sport'-ის ცნობით, ნახევარმცველმა როდრიმ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშები ჩაატარა, რაც მის კატალონიურ დებიუტს კიდევ უფრო აახლოებს. ესპანელი ნახევარმცველი ინტენსიური დატვირთვით ვარჯიშობდა.

ერთი კვირის წინ ჩასული როდრის ოფიციალური პრეზენტაცია გასულ სამშაბათს შედგა. იგი „გამპერის თასის“ შეხვედრასაც ესწრებოდა, თუმცა სათამაშოდ მზად ჯერ არ იყო. შვებულების შემდეგ ოპტიმალური კონდიციების აღსადგენად მან სპეციალური ინდივიდუალური პროგრამა გაიარა და მიუხედავად იმისა, რომ ლა ლიგაში დარეგისტრირებული კლუბის პირველი ახალწვეული იყო, ელჩესთან სასტარტო ტურის განაცხადში ვერ მოხვდა. ახლა კი დიდი შანსია, მისი დებიუტი სწორედ ბილბაოს წინააღმდეგ შედგეს.

საინტერესო სიახლეებია დაცვის ხაზშიც - მარცხენა მცველი ბალდეც გუნდურ ვარჯიშს დაუბრუნდა. ელჩესთან მატჩის განაცხადს მიღმა მისი მოულოდნელი დატოვების შემდეგ, ჰანსი ფლიკმა განმარტა, რომ ფეხბურთელს პირადად ესაუბრა, როდესაც შეატყო, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და კატეგორიულად უარყო ჭორები იმის შესახებ, თითქოს ბალდემ კლუბის დატოვება ითხოვა.

ასე და ამგვარად, საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ როდრის დებიუტი 27 აგვისტოს, 'ნოუ კამპზე' შედგება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები