Belive

როდის დაბრუნდება ვიქტორ ოსიმენი მოედანზე?

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი მოუახლოვდა. ნეაპოლელები სერია A-ს ჩემპიონობასთან ძალიან ახლოს არიან, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე კი მეოთხედფინალური ეტაპის ორმატჩიანი დაპირისპირება თანამემამულე "მილანის" წინააღმდეგ ელოდებათ.

ამ გადამწყვეტი პერიოდის წინ, სამხრეთიტალიელებს ერთ-ერთი მთავარი ლიდერი, ვიქტორ ოსიმენი გამოაკლდათ. ნიგერიის ნაკრებში მიღებული ტრავმის გამო, 24 წლის თავდამსხმელმა იტალიის სერია A-ს 28-ე ტურში "მილანთან" (0:4) წაგებული შეხვედრა გამოტოვა, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე კი მისი თამაში ჯერჯერობით სათუოა.

Areanapoli.it-ის ცნობით, ნიგერიელი ამ დღეებში გაივლის ინსტრუმენტულ ტესტებს, რომლებიც გადაამოწმებს კუნთების ტრავმის ამჟამინდელ მდგომარეობას. ამავე დროს, გამოცემა წერს, რომ ფეხბურთელთან ძალიან დაახლოებული ადამიანების ცნობით, "ნაპოლის" სამედიცინო პერსონალი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ის რაც შეიძლება მალე იყოს ხელმისაწვდომი ლუჩიანო სპალეტისთვის.

Punto Nuovo-ს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ტრავმა თითქმის სრულად მოშუშებულია, პირველი მატჩისთვის, რომლამდეც ზუსტად 1 კვირა რჩება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ცენტრალური ფორვარდი სრულ, 100%-იან მზადყოფნაში იყოს. თუმცა, "როსონერისთან" მატჩამდე ის დიდი ალბათობით სამატჩო განაცხადში იქნება. დიდი შანსით, მთავარი მწვრთნელი მას განაცხადში შეიყვანს, სათამაშოდ კი სავარაუდოდ ნახევარ საათს მიიღებს.

შემდეგ შეხვედრას 22 წლის ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი სერია A-ს ეგიდით, "ლეჩეს” წინააღმდეგ, სტუმრად, 7 აპრილს გამართავს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. რაც შეეხება უშუალოდ ჩემპიონთა ლიგას, აქ “ნაპოლის” პირველი მატჩი “მილანის” წინააღმდეგ 12 აპრილს, სტუმრად, ელის.

სხვა სტატიები