Belive

რეკორდული აუქციონი | პელეს 1958 წლის მუნდიალის ფინალის მაისური გაიყიდა

1 დღის წინ ფეხბურთი
3 წთ

'ფეხბურთის მეფედ' წოდებული, პელეს საკულტო მაისური, რომელიც მას 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ეცვა, სოტბის აუქციონზე რეკორდულ 4.9 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს გახდა პელეს კარიერასთან დაკავშირებული ყველაზე ძვირადღირებული ნივთი რაც კი ოდესმე აუქციონზე გასხვისებულა.

ბრაზილიის ნაკრების ლეგენდარულმა 10-იანმა კოლექციონერების მხრიდან უდიდესი ინტერესი გამოიწვია.

ამ ისტორიულ ფინალში 17 წლის პელემ დუბლი შეასრულა, ბრაზილიამ მასპინძელი შვედეთი 5:2 დაამარცხა და თავის ისტორიაში პირველად მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. სწორედ ამ მატჩით ჩაეყარა საფუძველი მის გლობალურ მემკვიდრეობას და იგი დღემდე ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საკულტო ფიგურად რჩება.

სპორტული ნივთების ბაზარი ბოლო წლებში კოლოსალურად გაიზარდა. კოლექციონერებისთვის პელეს ნივთები განსაკუთრებულ ფასეულობას ატარებს, რადგან ის ფეხბურთის პირველ გლობალურ სუპერვარსკვლავად და „სამგზის მსოფლიო ჩემპიონად“ მიიჩნევა. ყოველი ასეთი მაისური საფეხბურთო ისტორიის ხელშესახები ნაწილია.

პელეს სხვა მაისურები, რომლებიც წარსულში ასტრონომიულ ფასებად გაიყიდა

  • 1970 წლის მუნდიალის ფინალის მაისური: 2002 წელს, ლონდონის Christie’s-ის აუქციონზე, პელეს მიერ 1970 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში (სადაც ბრაზილიამ იტალია 4:1 დაამარცხა) ნაცვამი მაისური 225 ათას დოლარზე მეტად გაიყიდა. ეს იმ დროისთვის აბსოლუტური მსოფლიო რეკორდი იყო სპორტულ ეკიპირებაში. საინტერესოა, რომ მაისური აუქციონზე იტალიელმა მცველმა, რობერტო როსატომ გაიტანა, რომელმაც ის მატჩის შემდეგ პირადად პელესთან გაცვალა.

  • „სანტოსის“ საკულტო მაისური: 2020 წელს ტურინში გამართულ აუქციონზე, პელეს მშობლიური კლუბის, სანტოსის თეთრი მაისური (10 ნომრიანი), რომელიც მას 1971 წელს ეცვა, 111 ათას დოლარად გაიყიდა.

ასეთი ისტორიული ნივთები აუქციონებზე ძირითადად სამი მიზეზის გამო ხვდება.

საქველმოქმედო მიზნები: თავად პელემ 2016 წელს ლონდონში გამართულ გრანდიოზულ აუქციონზე საკუთარი კოლექციიდან 2000-ზე მეტი ნივთი გაიტანა (მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატის მედლები და პირადი ჯილდოები), რითაც ჯამში 5 მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვა. ამ თანხის დიდი ნაწილი ბრაზილიის უმსხვილეს საბავშვო საავადმყოფოსა და სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდებს გადაერიცხა.

  • ფეხბურთელების პირადი კოლექციები: ხშირად მაისურებს ყიდიან ის ყოფილი მეტოქეები ან მათი ოჯახის წევრები, რომლებმაც მატჩის შემდეგ ლეგენდასთან მაისური გაცვალეს და ათწლეულების განმავლობაში ინახავდნენ.

  • ინვესტიცია კოლექციონერებისთვის: სპორტული რელიკვიები დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე სარფიან საინვესტიციო აქტივად იქცა. წლების განმავლობაში მათი ფასი ძალიან იზრდება - რაც 20 წლის წინ $200,000 ღირდა, დღეს შესაძლოა მილიონებად შეფასდეს.

მიუხედავად პელეს მაისურის ამ წარმოუდგენელი რეკორდისა, აბსოლუტური რეკორდი მაინც ლიონელ მესის (2022 წლის მუნდიალის 6 მაისურის კომპლექტი $7.8 მილიონად გაიყიდა) და დიეგო მარადონას ეკუთვნის - ეს უკანასკნელი, რომელიც მას 1986 წელს ინგლისთან ლეგენდარული „ღმერთის ხელის“ მატჩში ეცვა, 2022 წელს 9.3 მილიონ დოლარად გაიყიდა.

სხვა სტატიები