Belive

ჯანი ინფანტინო მსოფლიო ჩემპიონატის კრიტიკოსებს დაუპირისპირდა

12 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ფიფას პრეზიდენტი - ჯანი ინფანტინო, აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის კრიტიკოსებს ღია წერილით მკაცრად დაუპირისპირდა. 56 წლის შვეიცარიელმა მკაცრი ტონით განაცხადა, რომ ტურნირის მოწინააღმდეგეები სიძულვილსა და ცრუ ჭორებს ავრცელებდნენ, მაშინ როდესაც ეს ჩემპიონატი, რომელიც ესპანეთის ტრიუმფით დასრულდა, ერთობის, უსაფრთხოებისა და ნამდვილი ზეიმის სიმბოლოდ იქცა.

„იმ ადამიანებს, რომლებიც კალმით, ქაღალდით თუ ეკრანებთან სხედან და სიძულვილს თესავენ, მინდა ვუთხრა: სანამ თქვენ უქმად ზიხართ, ჩვენ, ფიფა, წინა ხაზზე ვართ, ვშრომობთ და მსოფლიოში საუკეთესო შოუს ვქმნით! არანაირი ძალადობა, 100%-იანი უსაფრთხოება და მხოლოდ სიხარული.

ირანი აშშ-ში ყოველგვარი ინციდენტის გარეშე ჩავიდა, რადგან ფეხბურთი მშვიდობაზეა და არა პოლიტიკაზე. როდესაც ფეხბურთს მსოფლიო ასპარეზზე გამოჰყავს ჰაიტი, ქვეყანა, რომლის რუკიდან წაშლასაც ბევრი ითხოვს - შესაძლოა დროა, კალმები და კლავიატურები გვერდზე გადადოთ და პატივი სცეთ იმ გუნდებს, რომლებმაც ითამაშეს.

ძალიან ბევრი ადამიანია ჩასაფრებული და რაც არ უნდა კარგი გავაკეთოთ, ისინი არასოდეს აღიარებენ იმას, რომ ჩვენ კარგად და სამართლიანად ვმუშაობთ, ამიტომ ასეთ ადამიანებზე დრო არ უნდა დავხარჯოთ." - ჯანი ინფანტინო

ტურნირის მსვლელობისას ფიფას მისამართით კრიტიკა არ წყდებოდა. დაწყებული სავიზო შეზღუდვებითა თუ კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხებით, დასრულებული სკანდალური სადისციპლინო გადაწყვეტილებებით.

განსაკუთრებული ხმაური მოჰყვა ბალოგუნის წითელ ბარათსა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ჩარევის შემდეგ მისთვის დისკვალიფიკაციის მოხსნას, ასევე არბიტრების სადავო გადაწყვეტილებებს. ინფანტინომ კონკრეტული ინციდენტები არ დასახელა, თუმცა დასძინა, რომ მსგავსი მსაჯობა და გადაწყვეტილებები ჩვეულებრივი პრაქტიკაა მსოფლიოს უდიდეს ლიგებში და ირონიულია, რომ სწორედ იმ ქვეყნებიდან აკრიტიკებენ, სადაც ეს მიღებული ნორმაა.

ასევე, ფიფას პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ფეხბურთის ძალას, გააერთიანოს პოლიტიკური და შიდა კრიზისების მქონე ქვეყნები. მან მაგალითად ირანის, ჰაიტისა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებები მოიყვანა, რომლებმაც აშშ-ში შესასვლელი ვიზები მიიღეს, მიუხედავად პოლიტიკური დაძაბულობისა, თუმცა, სავიზო სკანდალს მაინც ვერ აცდა სომალელი მსაჯი - ომარ აბდულკადირ არტანი, რომელიც ვიზის მიუხედავად შტატებში არ შეუშვეს.

სხვა სტატიები