რეალმა უეფას გადახურულ ბერნაბეუზე თამაში სთხოვა
"რეალ მადრიდი" დღეს "სანტიაგო ბერნაბეუზე, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში, "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლებს. შარშანდელ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში, ორი მატჩის ჯამში, რეალი სიტისთან 1:5 დამარცხდა, ამიტომ "ბლანკოსს" რევანში აქვს ასაღები.
სანამ კარლო ანჩელოტი 14-გზის ჩემპიონ გუნდს ტექნიკურად ამზადებს, კლუბის მესვეურები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოთამაშეებმა და გულშემატკივრებმა თავი აბსოლუტურად ხელსაყრელ პირობებში იგრძნონ.
რეალმა უეფას სთხოვა, რომ შეხვედრა გადახურულ სტადიონზე ჩატარდეს (განახლებული ბერნაბეუ ამის საშუალებას იძლევა). გადახურვა ავტომატურად ზრდის ხმაურის დეციბელების დონეს და სამეფო კლუბში იმედოვნებენ, რომ ეს სტუმარ გუნდზე გაცილებით მეტ წნეხს გამოიწვევს. თამაშს 80 000 გულშემატკივარი დაესწრება და ზეწოლაც შესაბამისად დიდი იქნება. რეალმა უკვე მოუწოდა ფანებს, რომ ყველამ თეთრი ფერის სამოსი ჩაიცვას. მადრიდელები, საორგანიზაციო კუთხით, ყველაფერს ცდილობენ, რომ სტუმრად რაც შეიძლება დიდი უპირატესობით ჩავიდნენ.
ბერნაბეუს "მოძრავი ჭერი" პირველად გასულ თვეს, "ლაიპციგის" წინააღმდეგ გამოიყენეს. დღეს უეფა მატჩისწინა ტექნიკურ შეხვედრას გამართავს, სადაც გაირკვევა, დაკმაყოფილდა თუ არა რეალის თხოვნა.