რეალის მაგია | მორიგი შემოტრიალებული თამაში და ოქროს ბურთის გამოკვეთილი კანდიდატი
1 ივნისს, უემბლიზე, მე-15 ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოგებიდან, მადრიდის "რეალში" ბევრი რამ შეიცვალა. უცვლელია ორი რამ: "რეალი" ყველაზე სახიფათო მაშინაა, როდესაც ჩემპიონთა ლიგის მატჩში მარცხდება. მეორე საკითხი კი შემდეგია: გუნდში განხორციელებული არაერთი ცვლილების მიუხედავად, ვინისიუს ჯუნიორი გუნდის ყველაზე გადამწყვეტ მოთამაშედ რჩება.
კილიან მბაპეს ხმაურიანი ტრანსფერიც კი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ ბრაზილიელი ყურადღების ცენტრში აღარ ყოფილიყო. გოლებს, საგოლე გადაცემებსა და მოპოვებულ პენალტებს თუ დავაჯამებთ, ბრაზილიელმა მიმდინარე სეზონში გამართულ 14 თამაშში 15 გოლიან კონტრიბუციას მოუყარა თავი, მბაპესთვის კი ეს რიცხვი 10-ს შეადგენს (13 შეხვედრაში).
„რეალ მადრიდის“ დრამატულ გამარჯვებაში 24 წლის ვინისიუს ჯუნიორის ჰეთ-თრიქი წარმოადგენს შესანიშნავ არგუმენტს, თუ რატომ არის იგი ოქროს ბურთის მთავარი ფავორიტი (თუმცა ფეხბურთელებს ჯილდო წინა სეზონის დამსახურებების მიხედვით გადაეცემათ).
ოქროს ბურთის პრეტენდენტებმა გამარჯვებულის ვინაობა ჯერ არ იციან და ეს ინფორმაცია მათთვის მხოლოდ დაჯილდოების დღეს გახდება ცნობილი. ნებისმიერ შემთხვევაში, „ბერნაბეუზე“ სამშაბათს გამართული მატჩის შემდეგ, ბერნაბეუზე შეკრებილი გულშემატკივარი დარწმუნებული იყო, რომ Ballon d'Or-ის მფლობელი ვინისიუსი გახდებოდა. პუბლიკა ერთხმად ყვიროდა: „ოქროს ბურთი, ვინისიუს, ოქროს ბურთი…!“
„გამარჯვების შემდეგ, ვინისიუსს ვუთხარი, რომ ოქროს ბურთის მფლობელი გახდება“, - თქვა ლუკას ვასკესმა, რომელმაც მესამე გოლი გაიტანა და "რეალი" დააწინაურა. სწორედ მის შეცდომებს მოჰყვა "დორტმუნდის" ორი გოლი, რის შედეგადაც, ნური შაჰინის გუნდმა გასვლით შეხვედრაში უდიდესი უპირატესობა მოიპოვა.
ემილიო ბუტრაგენიო კიდევ უფრო შორს წავიდა და ხმაურიანი განცხადება გააკეთა: "ვინისიუსის მესამე გოლმა პელე გამახსენა", - თქვა "რეალის" ლეგენდამ, რომელიც დირექტორთა საბჭოში ინსტიტუციონალური ურთიერთობების დანაყოფს ხელმძღვანელობს.
დიდი სიხარულითა და ზეიმით დასრულებულ მატჩში მოპოვებული 3 ქულა "რეალისთვის" იოლი ნადავლი არ გახლდათ. მოლოდინი სხვაგვარი იყო: "ბერნაბეუზე" შეკრებილი ინჩადა გამარჯვებისთვის ემზადებოდა, სტადიონის სამხრეთ მხარეს კი დიდ გამოსახულებას ვხედავდით: "ჩვენი გვირგვინი, ჩვენი თასი", - იკითხებოდა მასზე.
მატჩის საწყის ეტაპზე, მთელი ეს სიმბოლიკა და მისტიკა „დორტმუნდმა“ უგულებელყო. ნური შაჰინის გუნდი პირველ ტაიმში გაცილებით უკეთესად თამაშობდა და ანგარიშით 0:2 იგებდა კიდეც. კამერებს არ გამორჩენიათ ედერ მილიტაოს ემოცია, რომელიც გაშვებულ გოლებში დანი კარვახალის არყოფნის გამო მოთამაშე ლუკას ვასკესს ადანაშაულებდა.
გერმანელებმა ქარიშხალი "მილტონის" მოახლოება ვერ იგრძნეს. შტორმი 37-ე წუთზე დაიწყო, როდესაც "რეალმა" რამდენიმე წამში გოლის გატანის 3 შანსი გაუშვა ხელიდან. და მაინც, „ბერნაბეუ“ ისე ზეიმობდა, თითქოს საყვარელმა კლუბმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
"რეალის" თამაშში დაბრუნება რუდიგერმა დაიწყო: მბაპეს ბრწყინვალე, ჩახვეული, მაღალი პასი და გერმანელის აუღებელი თავური. მისი მეტსახელი, "ელ ლოკო", რომელიც გიჟს, შეშლილს, გადარეულს ნიშნავს, რუდიგერს ზუსტად შეესაბამება. თავის მხრივ კი, კილიან მბაპემ მის სასარგებლოდ მოქმედი ბერნაბეუს მაგიური ატმოსფერო პირველად შეიგრძნო.
„პირველი ტაიმის შემდეგ, გასახდელში ყველანი ჩუმად ვიყავით და მხოლოდ მწვრთნელს ვუსმენდით. ანჩელოტიმ ითქვა: თუ პირველ გოლს გავიტანთ, თამაშს კვლავ შემოვაბრუნებთ. - ვინისიუსი
გასულ სეზონში, შესაძლოა, ასეთი დაბრუნების წამომწყები ჯუდ ბელინგემი ყოფილიყო, მაგრამ "რეალი" ახალი ტაქტიკით თამაშობს, სადაც ინგლისელს გოლის გატანა ნაკლებად ევალება - ანჩელოტის დავალებით, მას სხვა ფუნქციები აკისრია. მატჩის შემოტრიალება საკუთარ მხრებზე ოქროს ბურთის მთავარმა კანდიდატმა აიღო: 30 წუთში, თავისი პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა. განსაკუთრებული იყო მეოთხე გოლი, როდესაც ვინისიუსმა მთელი სტადიონი გადაირბინა, მისი შეჩერება კი ვერავინ შეძლო. "რეალის" 7 ნომრის აუღებელი დარტყმა შორეულ კუთხეში, გახდილი მაისური და აღნიშვნა კრიშტიანუ რონალდუს სტილში: "აქ მე ვარ".
გუშინდელ დღემდე, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, მხოლოდ ერთმა კლუბმა შეძლო 2-ბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ, 3-ბურთიანი სხვაობით მოგება. ეს "რეალმა" შეძლო. 2023-ში, "ლივერპულის" წინააღმდეგ.
ჩემპიონთა ლიგა ჩვენი ტურნირია. ისევ გამარჯვება მსურს. - ვინისიუსი
ჩემპიონთა ლიგის მორიგ ტრიუმფამდე, ჯერ შორი გზაა. მანამდე, "რეალს" მნიშვნელოვანი გამოცდა აქვს ჩასაბარებელი: 26 ოქტომბერს, 23:00-ზე, "რეალი" ამ სეზონში შესანიშნავად მოთამაშე "ბარსელონას" უმასპინძლებს.