Belive

ჰარი კეინი: "შედეგით კმაყოფილები ვართ, თუმცა 6 გოლი უნდა გაგვეტანა"

9 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ დაპირისპირებაში, რეალსა და ბაიერნს შორის, მაყურებელმა უმაღლესი კლასის ფეხბურთი და ბავარიელების გამარჯვება (1:2) იხილა. მატჩი თავისი ინტენსივობითა და გაცვლილი მომენტებით, დიდხანს დაამახსოვრდება ფეხბურთის გულშემატკივარს - ამას ემატება ისიც, რომ 40 წლის ნოიერმა კიდევ ერთხელ გაგვახსენა, რომ ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პირველი ნომერია - გერმანელი თამაშის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

ბაიერნი რეალს ლუის დიასისა და ჰარი კეინის გოლებით უგებდა, ანგარიშის სხვაობა კი კილიან მბაპემ, 74-ე წუთზე შეამცირა.

მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებთან ბაიერნის ფორვარდმა - ჰარი კეინმა ისაუბრა, რომელიც შედეგით კმაყოფილი იყო, თუმცა საკუთარი თამაშით უკმაყოფილო.

"ბერნაბეუზე თამაშის წინ არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. თითქოს ეს იყო ფსიქოლოგიური წნეხი, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობდით, ყურადღება მხოლოდ მატჩზე გადაგვეტანა.

პირველ ტაიმში დიდი უპირატესობა გვქონდა და არაერთი მომენტი შევქმენით. მეორე ტაიმში „ბლანკოსიც“ გვიტევდა, მაგრამ რამდენიმე მომენტში ანგარიშის მნიშვნელოვანი ზრდა შეგვეძლო.

ჯამურად 6 გოლის გატანა იყო შესაძლებელი, მაგრამ 1-2 ვიმარჯვეთ. ეს არ არის კომფორტული სხვაობა იმ დონის გუნდთან, რომელზეც ვსაუბრობთ და ასმაგად გულდასაწყვეტია, რომ უფრო დიდი ანგარიშით ვერ მოვიგეთ.

რეალი ძალიან გამოცდილია, საოცარ პერსპექტივას ფლობს და არაერთი მატჩი შემოუტრიალებია, სწორედ ამიტომ, ბაიერნმა საშინაო არენაზე კიდევ უფრო მეტი ყურადღებით და შემართებით უნდა ითამაშოს.

ერთადერთი, რითიც უკმაყოფილო ვარ, მომენტების რეალიზიციაა და ამ კომპონენტში მეტი ყურადღება გვმართებს.“ - ჰარი კეინი

ბაიერნმა 1/2-ფინალური საგზურისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, თუმცა ეს ჩემპიონთა ლიგაა და მეტოქე მადრიდის რეალია...

ბაიერნისა და რეალის საპასუხო მატჩი 15 აპრილს, მიუნხენში გაიმართება.

სხვა სტატიები