Belive

რეალის და ლა ლიგის საგა გრძელდება | მადრიდელები FIFA-ში ჩივილს აპირებენ

2 თვის წინ ფეხბურთი
3 წთ

მადრიდის რეალისა და ლა ლიგის ხელმძღვანელობას შორის რამდენიმე სეზონია გარკვეული უთანხმოება არსებობს, რომელიც ეტაპობრივად კონფლიქტის სახეს იღებს.

საქმე ისაა, რომ წლებია, რეალის მესვეურები მიიჩნევენ, რომ მათ სხვადასხვა საკითხში ლა ლიგის მენეჯმენტი არასათანადოდ და უსამართლოდ ეპყრობა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი მსაჯების გუნდისადმი დამოკიდებულებაა.

გასულ სეზონებში რამდენიმე ისეთი ეპიზოდი დაფიქსირდა, როცა მადრიდის რეალი მსაჯების გადაწყვეტილებით უკმაყოფილებას გამოთქვამდა, შემდეგ კი ლა ლიგის მიმართ კრიტიკული განცხადებები ისმოდა. შარშანდელ სეზონში, ხოსე მუნუერა მონტეროსა და ჯუდ ბელინგემის ეპიზოდის შემდეგ, როცა რეალის ინგლისელი ნახევარმცველი ესპანელმა მსაჯმა მოედნიდან გააძევა, არბიტრს გულშემატკივრებისგან მუქარის წერილები მიუვიდა და საქმე იქამდე მივიდა, რომ გავრცელდა ცნობები, თითქოს მადრიდული გრანდი ლა ლიგიდან რომელიმე სხვა ტოპ ლიგაში გადაბარგებას განიხილავდა. გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ყველაზე ხშირად ლიგა 1-ის სახელი ჟღერდა.

ამჟამად, საქმე ეხება ახალი სეზონის საწყის ტურებს, სადაც მადრიდელთა აზრით, მსაჯების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მიზნად რეალისთვის პრობლემების შექმნას ისახავს, რის გამოც, FIFA-ში ჩივილს აპირებენ.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში წარსადგენად მადრიდის რეალი ამზადებს სპეციალურ ანგარიშს, სადაც წინა სეზონისა და ლა ლიგის ახალი გათამაშების საწყის ოთხ მატჩში დაფიქსირებული ეპიზოდები იქნება განხილული. მომენტები, რომელშიც, მადრიდელთა აზრით მსაჯებმა ტენდენციური გადაწყვეტილებები მიიღეს.

დაძაბულობის განმაპირობებელი ლა ლიგის მეოთხე ტურში, რეალ სოსიედადსა და მადრიდის რეალს შორის გამართული მატჩი გამოდგა, რომელშიც დედაქალაქელებმა ბასკებს 2:1 მოუგეს. მატჩის მთავარმა არბიტრმა, ხესუს ხილ მანსანომ მოედნიდან დინ ჰაუსენი გააძევა, რომელმაც მათი კარისკენ მიმავალი მიკელ ოიარსაბალი თამაშის წესების დარღვევით შეაჩერა. მადრიდელთა აზრით ეს დარღვევა "ბოლო იმედის ჯარიმა" არ გახლდათ და მსაჯს მსგავსი გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო.

მადრიდის რეალმა ლა ლიგის ახალი სეზონი 100%-იანი შედეგით დაიწყო და 4 ტურის შემდეგ მოგებული 4 მატჩით, შესაბამისად დაგროვებული 12 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობს. შემდეგი მატჩი გუნდს 20 სექტემბერს, ესპანიოლთან საშინაო კედლებში აქვს დაგეგმილი. ჩემპიონთა ლიგაზე ტურნირის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი 16 სექტემბერს, მარსელს უმასპინძლებს.

სხვა სტატიები