რეალი მიწაზე დაუშვეს - მადრიდში დღეს ატლეტიკო ზეიმობს
სეზონის პირველი დაპირისპირება დედაქალაქელ მეტოქეებს შორის - ლა ლიგის მე-7 ტურში ერთმანეთს ატლეტიკო და რეალი, მეტროპოლიტანოზე დაუპირისპირდნენ და მასპინძლებმა 5:2 გაიმარჯვეს.
რეალი შეხვედრას ბრწყინვალე ფორმაში ხვდებოდა. ხაბი ალონსოს გუნდმა 2025/26 წლების სეზონი იდეალურად დაიწყო, პირველი ექვსივე მატჩი მოიგო (ლა ლიგაში) და ისინი ყველაზე მკაცრ გამოცდას აბარებდნენ მტრული მეტროპოლიტანოს ატმოსფეროში.
ანგარიში ლე ნორმანმა, თავური დარტყმით, მე-14 წუთზე გახსნა - სიმეონეს გუნდს დიდხანს არ გაუხარია, ჯერ მბაპემ გაათანაბრა გიულერის პასით, შემდეგ კი თავად არდამ გაიტანა ვინისიუსის გადაცემით. პირველი ტაიმი 'თეთრებს' გამარჯვებისკენ მიჰყავდათ, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ისევ თავური, ამჯერად სორლოტი და ანგარიში გათანაბრდა.
მეორე ტაიმში მოედნის პატრონი მხოლოდ ერთი გუნდი იყო - ხულიან ალვარესმა ჯერ პენალტის ნიშნულიდან, შემდეგ კი ჯარიმით გაუტანა რეალს. წერტილი შეცვლაზე შემოსულმა ანტუან გრიზმანმა დასვა, ფრანგმა ლა ლიგაში თებერვლის შემდეგ პირველად შეაგდო.
რეალი 18 ქულით ისევ პირველ ადგილზეა (იქამდე მაინც, სანამ ბარსელონა მე-7 ტურის შეხვედრას ჩაატარებს), ატლეტიკოს კი 12 ქულა აქვს და მე-4 პოზიციას იკავებს.