Belive

რეალი, ლივერპული, მილანი - სატრანსფერო საგა დასრულდა, მბაპემ დუმილი დაარღვია!

2 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ

უკანასკნელი 1 თვის განმავლობაში, ფრანგული და ესპანური მედია საშუალებები მბაპეს ტრანსფერის შესახებ აქტიურად სპეკულირებდნენ. არაერთი გავლენიანი სპორტული ტაბლოიდი მიიჩნევდა, რომ ფრანგი ვარსკვლავი მადრიდის "რეალის" მაისურს მოირგებდა, თუმცა მბაპემ, პარიზულ გრანდთან კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა და სატრანსფერო ჭორებს წერტილი დაუსვა. იმედგაცრუებულ და განრისხებულ მადრიდელ ფანებს, ფრანგმა ვარსკვლავმა მოუბოდიშა და მიღებული გადაწყვეტილების ახსნა სცადა: "რეალის" ქომაგების იმედგაცურება მესმის, მაგრამ, იმედი მაქვს, ისინიც გამიგებენ – ჩემს ქვეყანაში დარჩენა მსურდა. მე ფრანგი ვარ, ამიტომ, მინდა ამ გუნდისა და ჩემპიონატის გაზრდაში ჩემი წვლილი კვლავ შევიტანო".

კილიან მბაპეს მიერ პარიზში დარჩენის შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, სამეფო კლუბის ფანები გააღიზიანა, თუმცა უკანასკნელმა ინტერვიუმ გულგრილი არც "ლივერპულის" გულშემატკივრები დატოვა. უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც ვარსკვლავის გუნდში დარჩენა ან ტრანსფერი, საყოველთაო განხილვის საგნად იქცა, ანტუან გრიზმანს უკავშირდება - "ატლეტიკოდან" "ბარსელონაში" გადასვლის გამო, გრიზმანი მწვავედ გააკრიტიკეს, მაგრამ, მბაპეს სატრანსფერო ბატალიებმა გრიზმანიც კი დაჩრდილა. მბაპეს ჩავარდნილ ტრანსფერს, ლა ლიგის პრეზიდენტიც გამოეხმაურა და ესპანური ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, "პარი სენ-ჟერმენის" წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. კილიან მბაპე იძულებული გახდა დუმილი დაერღვია. "რეალის" გულშემატკივრებისათვის საჯარო ბოდიშის მოხდის პარალელურად, ფრანგმა ფეხბურთელმა 5 წლის წინანდელი შემთხვევაც გაიხსენა და დაადასტურა, რომ "ლივერპულთან" მოლაპარაკებებს მართავდა. კილიან მბაპე: "ჩვენ ნამდვილად ვსაუბრობდით. "ლივერპულთან" მოლაპარაკებები დამაგვირგვინებელ ფაზაში არ გადავიდა, მაგრამ, ნამდვილად ვისაუბრეთ. "ლივერპულს" ვესაუბრე იმიტომ, რომ ის დედაჩემის საყვარელი კლუბია. არ ვიცი რატომ გულშემატკივრობს დედა "ლივერპულს", ეს ალბათ მას უნდა ჰკითხოთ. "ლივერპული" დიდებული კლუბია, ჩვენ 5 წლის წინ ვისაუბრეთ. როდესაც "მონაკოში" ვთამაშობდი, მათ წარმომადგენლებს შევხვდი. "ლივერპული" ბრწყინვალე კლუბია". პრემიერ ლიგის გრანდსა და მბაპეს შორის არსებული მოლაპარაკებების შესახებ, ინფორმაცია ადრეც ვრცელდებოდა, თუმცა ტრანსფერი არ განხორციელდა. გასულ წელს, სუპერ ლიგის ჩავარდნილი პროექტის გარშემო არსებული აჟიოტაჟის შემდეგ, მერსისაიდული გრანდის გულშემატკივრებმა აღნიშნეს, რომ მფლობელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში აპატიებდნენ, თუ "ლივერპული" მბაპეს ტრანსფერს განახორციელებდა.
 
View this post on Instagram
 

A post shared by 433 (@433)

"ლივერპულისა" და "რეალის" პარალელურად, მბაპემ "მილანის" შესახებაც ისაუბრა, რომელმაც 11-წლიანი წარუმატებელი სერია დაასრულა და სკუდეტო მოიპოვა. კილიან მბაპე: "ჩემი კავშირი "მილანთან" განსაკუთრებულია. ბავშვობაში იტალიელი მომვლელი მყავდა და მის ოჯახთან დიდ დროს ვატარებდი. ისინი "მილანის" ფანები იყვნენ და მათი წყალობით მეც "როსონერის" ფანი გავხდი. "მილანის" უამრავი მატჩი მაქვს ნანახი. ყოველთვის ვამბობ: თუ ოდესმე იტალიაში ვითამაშებ, მხოლოდ "მილანს" ავირჩევ. სხვანაირად, რომ მეთქვა ისინი აუცილებლად მომკლავდნენ - ხუმრობას თავი დავანებოთ, "მილანს" სკუდეტოს მოგებას ვულოცავ. ვულოცავ ფრანგ მეგობრებსა და იბრაჰიმოვიჩს - ნამდვილ ლეგენდას, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ".

ასევე იხილეთ: გზა გაბანკროტების საფრთხიდან ჩემპიონობამდე | მილანის ჩემპიონობის მიღმა დამალული დეტალები

სხვა სტატიები