Belive

რატომ შეელია იუვენტუსი კიეზას €12 მილიონად?

2 კვირის წინ ფეხბურთი
3 წთ

ფედერიკო კიეზა "ლივერპულის" რიგებს ოფიციალურად შეუერთდა. "მერსისაიდულმა" კლუბმა იტალიელი ვინგერის სანაცვლოდ €12 მილიონი გადაიხადა და გუნდის შემტევითი პოტენციალი მნიშვნელოვნად გააძლიერა.

კიეზასთვის, გასული წლები მარტივი არ ყოფილა - ტრავმიანობის გამო, დრო ხშირად უცდებოდა, თუმცა გასულ სეზონში 37 მატჩის ჩატარება და მაინც მოახერხა. 12 მილიონი, რომელსაც ბონუსის სახით 3 მილიონი შეიძლება დაემატოს, ევროპის ჩემპიონი კიეზას სანაცვლოდ უცნაურად ჟღერს: კიეზას სატრანსფერო ფასი €35 მილიონს შეადგენს და ისედაც, კიეზას დონისა და ხარისხის ფეხბურთელის €12 მილიონად შეძენა იშვიათობაა თანამედროვე ფეხბურთში. თუმცა ამ უცნაურობას ამხსნელი მიზეზებიც აქვს.

ძალიან მიხარია, რომ ლივერპულის ფეხბურთელი გავხდი. რიჩარდ ჰიუზმა დამირეკა და მკითხა: "გინდა ლივერპულში თამაში"? შეთავაზებას მაშინვე დავთანხმდი. - ფედერიკო კიეზა

26 წლის იტალიელმა შემტევმა 2022 წელს მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და მას შემდეგ, ფორმის პიკში მყოფი კიეზა აღარ გვინახავს. უდავო ფაქტია, რომ მუხლის ტრავმამდე, იგი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ვინგერად ითვლებოდა იყო, თანაც, ევრო 2020-ზე იტალიის ტრიუმფში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა "ბებერი სინიორას" ახალი მწვრთნელისთვის, ტიაგო მოტასთვის, რომელმაც ფედერიკო წინასასეზონო შეკრებაზე აღარ იხმო.

ტიაგო მოტას მოსვლით, "იუვენტუსში" ახალი ეპოქა იწყება. შეიძლება, სიტყვა "ეპოქა" გადაჭარბებულად ჟღერდეს, თუმცა ტურინში ასე თვლიან. მოტას ხანგრძლივი გამოცდილება ზურგს არ უმაგრებს, თუმცა ის ფაქტი, რომ ბრწყინვალედ მოთამაშე "ბოლონია" ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა, ბევრ რამეზე მეტყველებს. "იუვენტუსს" სერია A 2019/20 წლების სეზონის შემდეგ არ მოუგია და ტურინში მოტაზე დიდ იმედებს ამყარებენ.

მოტას დავალებით, "იუვენტუსმა" რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი შეიძინა: დუგლას ლუისი (€51.50), ხეფრენ ტურამი (€20.60) და ხუან კაბალი (€12.80). ტიაგო მოტას ახალი "იუვენტუსის" პროექტში, კიეზას ადგილი აღარ მოიძებნა - იგი იტალიელი სპეციალისტის სტილს ნაკლებად შეესაბამება. ისიც აღსანიშნავია, რომ კიეზა გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იყო. ასევე, თუკი "იუვე" მას წელს არ გაუშვებდა, მომავალ სეზონში კიეზა "ბებერ სინიორას" თავისუფალი აგენტის სტატუსით დაემშვიდობებოდა.

როგორც აღვნიშნეთ, კიეზა ტრავმებისკენ მიდრეკილი ფეხბურთელია, რაც მის სატრანსფერო ღირებულებაზე პირდაპირ არის ასახული. ბოლო 2 სეზონის განმავლობაში, მან 25 მატჩი გამოტოვა. მეორე მხრივ, კიეზას ნიჭი და პოტენციალი ეჭვგარეშეა, რაც გახდა საბაბი, რომ მას "ლივერპულის" ახალი მთავარი მწვრთნელი, არნე სლოტი დაყრდნობოდა.

სხვა სტატიები