Belive

რატომ ესროლა ფაბრეგასმა პიცა ფერგიუსონს - ესპანელმა დეტალები გაიხსენა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერლიგის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ ინციდენტს Pizzagate-ს უწოდებენ. 2004 წლის 24 ოქტომბერს ,,მანჩესტერ იუნაიტედმა'' ,,ოლდ ტრაფორდზე'' ,,არსენალის'' საოცარი, 49-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა.

შეხვედრის შემდეგ, სტადიონის გვირაბში ფეხბურთელებს შორის დაპირისპირება დაიწყო, ,,არსენალის'' ერთ-ერთი მოთამაშის მიერ ნასროლი პიცის ნაჭერი კი სერ ალექს ფერგიუსონს მოხვდა. 2017 წელს სესკ ფაბრეგასმა პირველად აღიარა, რომ პიცა სწორედ მან ისროლა.

ესპანელმა დეტალები კიდევ ერთხელ, ამჯერად გარი ლინეკერის პოდკასტში გაიხსენა:

,,ეს პიცა პეპერონი იყო. გასახდელში ვიჯექი და ვჭამდი, შემდეგ კი ვხედავ, რომ გვირაბში სიტუაცია დაიძაბა და ყველა იქითკენ გაიქცა.

ძალიან პატარა ვიყავი, გამხდარი და არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა, მაგრამ, მინდოდა, რომ თანაგუნდელებს რაღაცით დავხმარებოდი და ეს გავაკეთე (პიცის ნაჭერი ვისროლე).

თუმცა, არავის არ ვუმიზნებდი, უბრალოდ ვისროლე და სამწუხაროდ, დიდ ბიჭს, სერ ალექს ფერგიუსონს მოვარტყი...

თავში მოხვდა თუ არა არ მახსოვს... მახსოვს (იცინის), მაგრამ ვერ ვიტყვი.'' - სესკ ფაბრეგასი

მატჩის შემდეგ ,,არსენალის'' მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი განრისხებული იყო. ფრანგმა სპეციალისტმა განსაკუთრებით შეხვედრის მსაჯი, მაიკ რაილი გააკრიტიკა, რუდ ვან ნისტელროის კი მატყუარა უწოდა. ასეთი განცხადებების გამო, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ვენგერი 15 ათასი ფუნტით დააჯარიმა.

სხვა სტატიები