რასპადორი: "კვარა წარმოუდგენლად ნიჭიერ ფეხბურთელთან ერთად, ძალიან კარგი ბიჭია"
იტალიის სერია A-ს მე-10 ტურის შეხვედრაში, “ნაპოლიმ” საშინაო კედლებში “ბოლონია” მიიღო და 3:2 დაამარცხა.
ნეაპოლელთა გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, საქართველოს ნაკრების ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელმაც მოედანზე 94 წუთი გაატარა, სრულად ითამაშა და ვიქტორ ოსიმენს საგოლე პასი გაუკეთა. 21 წლის ქართველ ფეხბურთელს იმ 29 მოთამაშეს შორის, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო, ყველაზე მაღალი შეფასება ჰქონდა - 8.3.
მატჩის დასრულების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მისმა თანაგუნდელმა და "ნაპოლის" კიდევ ერთმა ახალწვეულმა, ჯაკომო რასპადორიმ ისაუბრა.
""ბოლონიამ" შესანიშნავად ითამაშა და გამარჯვების მოპოვება გაგვიჭირდა. ეს არ იყო იოლი მატჩი და ამიტომ, ამ მოგებით ბედნიერები ვართ. პირველ ტაიმში შექმნილი ბევრი საგოლე მომენტი რომ გამოგვეყენებინა, მატჩს უფრო მარტივად მოვიგებდით. ასეთი მატჩები ენთუზიაზმს გვაძლევს.
მთავარია, რომ იმ წუთებით, რომელიც სათამაშოდ გვეძლევა, მაქსიმალურად ვისარგებლოთ, ხოლო გოლს ვინ გაიტანს, ამას მნიშვნელობა არ აქვს.
"რომასთან" მატჩისთვის მოსამზადებლად რამდენიმე დღე გვაქვს. ყველა შეხვედრას ისე ვუყურებთ, როგორც ფინალს და გვსურს შემდეგ დუელშიც გავიმარჯვოთ.
რაც შეეხება კვარას, მას წარმოუდგენელი ნიჭი და გამაგიჟებელი ხარისხი აქვს. ამავე დროს, ის ძალიან კარგი ბიჭია. ჩვენ ყველანი ვცდილობთ, რომ თანაგუნდელებს მათი საუკეთესო შესაძლებლობების გამოვლინებაში დავეხმაროთ და ეს განსხვავებას ქმნის", - თქვა იტალიელმა ტალანტმა.
მიმდინარე სეზონში, “ნაპოლის” მაისურით ჩატარებულ ოფიციალურ შეხვედრებში კვარას აქტივში უკვე 14 მატჩში გატანილი 7 გოლი, 8 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტია.