Belive

რას წერდა პრესა? დინამო 3:0 ფეიენოორდი

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
“დინამო თბილისი” საბჭოთა კავშირის პერიოდში ევროპის ტოპ გუნდებს შორის მოიაზრებოდა. ამიტომაც საინტერესოა თუ რას წერდნენ დინამოელებზე ადგილობრივი და საერთაშორისო პრესა, რას ამბობდნენ ცნობილი ადამიანები. საარქივო მასალებზე დაყრდნობით Live.ge გთავაზობთ რუბრიკას “რას წერდა პრესა?”. აქ თქვენ ნახავთ დინამოელთა ცნობილი თუ უცნობი, წარმატებული თუ წარუმატებელი მატჩების შეფასებას  

თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი

დინამო 3:0 ფეიენოორდი

თბილისი, ვ.ი. ლენინის სახელობის "დინამოს" სტადიონი (დინამო არენა) 1981 წლის 8 აპრილი

გოლები: სულაქველიძე (2) გუცაევი

  ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი მატჩი, რომელიც თბილისელ მაყურებელს "დინამოს" სტადიონზე უხილავს, 3 გოლის გარდა დინამოელებს კიდევ არაერთი მომენტი ჰქონდათ რათა ტიტულოვანი როტერდამელები დაემწუხრებინათ. ეს "ფეიენოორდის" მეორე ვიზიტი გახლდათ თბილისში (მესამე თბილისური მატჩი 2019 წელს შედგა, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი  მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა ) პირველად ისინი "დინამოს" ამხანაგურ მატჩში 1960 შეხვდნენ და 3:1 დამარცხდნენ. მატჩის პერიპეტიები გულშემატკივარმა კარგად იცის, ამიტომ საინტერესოა გავიხსენოთ თუ რა ითქვა მატჩის შემდეგ.  

ვალერი ლობანოვსკი (სსრკ-ს ნაკრების მთავარი მწვრთნელი)

საკუთარი გამოცდილებით ვიცი, თუ რა ძნელია მწვრთნელისთვის ძლიერ მეტოქესთან შესახვედრად გუნდის მომზადება.  ჩემი აზრით თბილისელები სწორად მოიქცნენ, რომ ყველა საშუალებით ცდილობდნენ თუნდაც ერთი გოლის გატანას. ჰოლანდიელთა დაცვის დეზორგანიზაციით ყველაზე კარგად სულქაველიძემ ისარგებლა, ვინც ორი გოლი გაიტანა. მისი ენერგიული რეიდები მეტოქეს გონს მოსვლის საშუალებას არ აძლევდა.

გაზეთი "კომუნისტი"

თბილისის "დინამომ" ბრწყინვალედ ჩაატარა პირველი ნახევარფინალური მატჩი, "ფეიენოორდთან". შეხვედრის პირველივე წუთებიდანვე თბილისელებმა ხელთ იგდეს უპირატესობა და მატჩის ბოლომდე აღარ გაუშვიათ იგი.

გაზეთი  "სოვეტსკი სპორტი"

ამ თამაშშიც იგრძნობოდა თბილისის "დინამოს" თითქოსდა აუჩქარებელი , მაგრამ იშვიათი გამჭრიახობის მქონე მწვრთნელის, ნოდარ ახალკაცის გამოცდილი ხელი, მადლობა თბილისის დინამოელებს დღევანდელი თამაშისთვის.  

გაზეთი "ჰეტ ფრაიე ფოლი" (ბელგია)

"დინამო" თამაშობს თანამედროვე ფეხბურთს, რომელიუც ლათინური ამერიკისას გავს, ევროპულიდან კი იტალიურსა და ესპანურს. გუნდში გამოირჩევიან ყიფიანი და ჩივაძე.

გაზეთი "ალბემეენ დაგბლატი"

"ვესტ ჰემ იუნაიტედი" მაღალი კლასის გუნდია, და თუ "დინამომ"  ინგლისელებს მოუგო და თანაც მათსავე მოედანზე, ეს ნიშნავს, რომ იგი სერიოზული მეტოქეა "ფეიენოორდისთვისაც", მატჩში საუცხოოდ ითამაშეს ყიფიანმა, ჩივაძემ და სულაქველიძემ.

გაზეთი "დი ტელეგრაფი"

"დინამოს" აღიარებული ლიდერების გარდა გუნდში სახიფათონი არიან განაპირა თავდამსხმელები: შენგელია და გუცაევი.

სააგენტო "როიტერი"

დინამოს გასაოცარი თავდასხმა, რომელსაც მოედის სიღრმიდან ელეგანტური დავით ყიფიანი წარმართავდა ზედიზედ არღვევდა ჰოლანდიელთა თავდაცვის მწყობრს.

"ფრანს პრესი"

თბილისელები განუწყვეტლივ უტევდნენ  "ფეიენოორდის" კარს და უკანასკნელი 20 წუთის გარდა , მთელი მატჩის მანძილზე მეტოქეს არ მისცეს თავის გამოჩენის საშუალება, ჰოლანდიელთა თავდაცვა უძლური იყო სულაქველიძის წინააღმდეგ, რომლის ანგარიშზე ორი გოლია.

სხვა სტატიები