Belive

"რამ განაპირობა ნაპოლის აღორძინება" - 433-ის პოდკასტი

1 წლის წინ ფეხბურთი
10 წთ

433-ის პოპულარული პოდკასტის ახალი ეპიზოდი, რომელიც დაახლოებით 1 საათის წინ გამოქვეყნდა, სრულიად "ნაპოლის" ეთმობა. 25-წუთიან პოდკასტში საუბარია "პარტენოპეის" წარმატებაზე და იმ მიზეზებზე, რამაც "ნაპოლის" აღორძინება განაპირობა.

პოდკასტის ავტორი საფეხბურთო სამყაროში მოღვაწე 5 განსხვავებულ ადამიანს ესაუბრა და ნეაპოლიტანური კლუბის წარმატების მიზეზი ჰკითხა.

მიმდინარე სეზონში „ნაპოლი“ საოცარ ფორმაში იმყოფება. ეჭვგარეშეა, რომ იტალიური კლუბი ევროპის მასშტაბით ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს. "ნაპოლი" სერია A-ს დამაჯერებლად ლიდერობს და UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაზეც წარმატებით ასპარეზობს. ევროსარბიელზე, ნეაპოლელებმა შეძლეს და ისეთი კლუბები დაამარცხეს, როგორიცაა: "აიაქსი" და "ლივერპული". "ნაპოლიმ" პლეი-ოფში "აინტრახტს" სტუმრად სძლია და საშინაო შეხვედრას ამაღლებული განწყობით ხვდება.

ასე რომ, რა ხდება "ნაპოლიში"? როგორ შეძლო ამ კლუბმა მანქანად გარდაქმნა? და რა შეიძლება მოხდეს, ქალაქში იმ შემთხვევაში, თუ 33-წლიანი პაუზის შემდეგ, "ნაპოლი" სერია A-ს მოგებას შეძლებს? ამ საკითხთან დაკავშირებით, 5 განსხვავებულ ადამიანს ვესაუბრეთ.



ლეონარდო კონტე

ნაპოლი საცხოვრებლად საკმაოდ რთული ქალაქია. რა თქმა უნდა, ულამაზესი ქალაქია მე აქ დავიბადე და გავიზარდე და ცუდის თქმა გამიჭირდება, მაგრამ პრობლემებიც მრავლად არსებობს. მეტროპოლიტენია და ისევე როგორც დიდი ქალაქების უმრავლესობას, მასაც გააჩნია კარგი და ცუდი მხარე.

საფეხბურთო კუთხით თუ შევხედავთ, რა თქმა უნდა, ნაპოლი ფეხბურთით სუნთქავს. სილამაზის სალონში, მარკეტში, ბარში... ხალხი აქ მხოლოდ ფეხბურთზე საუბრობს. ფეხბურთი ჩვენი კულტურის უდიდესი ნაწილია. გასულ წლებთან შედარებით, ახლა გაცილებით უფრო მეტს საუბრობენ, რადგან "ნაპოლი" ფანტასტიკურად ასპარეზობს.

დანიელე "დეციბელ" ბელინი

ჩვენთვის ეს ძალიან განსაკუთრებული სეზონია. 30 წელზე მეტია ამ მომენტს ველოდით და ყველა ძალიან ბედნიერია. ქალაქში განსაკუთრებული ატმოსფეროა. ხალხი უკვე ემზადება დიდი წვეულების მოსაწყობად. გუნდი მისი შესაძლებლობების მაქსიმუმს ავლენს. სტადიონზე წარმოუდგენელი ატმოსფეროა. აბსოლუტურად ყველა საშინაო მატჩზე ბილეთები თითქმის სრულად იყიდება. უკანასკნელად, როდესაც ნაპოლიმ ტიტული მოიგო მე ძალიან პატარა ვიყავი - ახლა კი კაცი ვარ და მზად ვარ ამ სიხარულის გაზიარებისთვის.

არ ვიცი, ვერ წარმომიდგენია, რა შეიძლება მოხდეს სტადიონზე, როდესაც "ნაპოლი" ჩემპიონი გახდება. ეს ჩვენთვის ჯადოსნურია - ოცნებას ჰგავს. ეს არის ის, რასაც მრავალი წლის მანძილზე ველოდით და ახლა ოცნების ახდენასთან ძალიან ახლოს ვართ, რაც უზომოდ გვახარებს. ეს ჩვენთვის განსაკუთრებული მომენტია - სკუდეტოსათვის ბრძოლაში იტალიის ჩრდილოეთს დავამარცხებთ - ჩვენ სამხრეთელებს 30 წელზე მეტია ტიტული არ მოგვივია. "მილანი", "ინტერი" და "იუვენტუსი" დომინირებდნენ, ამიტომ ჩვენთვის, სამხრეთელებისთვის ეს ნამდვილად განსაკუთრებულია.



დომენიკო პეტორტი

"ნაპოლის" სტაჟიანი გულშემატკივარი. ეს უძველესი ისტორიაა. საუკუნეების მანძილზე იტალია დაყოფილი იყო სხვადასხვა სამთავროდ. შეიძლება ითქვას, რომ იტალია, როგორც გაერთიანებული ქვეყანა მხოლოდ 150 წელია რაც არსებობს. სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცოტაა. მე-18 საუკუნემდე სამხრეთელები გაცილებით კარგად ცხოვრობდნენ და ეკონომიკურად სტაბილური გარემო იყო. იტალიის გაერთიანების შემდეგ, სამხრეთელების კეთილდღეობამ იკლო და კაპიტალის ჩრდილოეთთან განაწილება მოხდა, რამაც, რა თქმა უნდა, უკმაყოფილება გამოიწვია.

კულტურულადაც ძალიან დიდი განსხვავებაა - სამხრეთს ესპანური მონარქიული ოჯახის წევრები მართავდნენ - ჩრდილოეთში ფრანგული გავლენა მძლავრობდა. ამიტომაც ჩვენ ფეხბურთსაც განსხვავებულად აღვიქვამთ - ჩვენთვის ეს ერთგვარი შურისძიების შესაძლებლობაა. როდესაც ვამარცხებთ ისეთ ჩრდილოურ გრანდებს, როგორიცაა "მილანი", "ინტერი" და "იუვენტუსი" კმაყოფილებისა და აღფრთოვანების განცდა გვეუფლება. შეიძლება ითქვას, რომ რასისტული შუღლიც გაღვივებულია, რადგან გაერთიანების შემდეგ, სამხრეთის ხარჯზე ჩრდილოეთი გამდიდრდა და ხალხმა ჩრდილოეთისკენ დაიწყო მიგრაცია - სამხრეთელებს ჩრდილოეთ იტალიაში არც ისე კარგად ხვდებოდნენ.

უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა - ასე, რომ მტრობა ძლიან დიდია. სოციალური, პოლიტიკური და მრავალი სხვა ასპექტის გამო, დიდი დაპირისპირებაა. პერსონალურად მე ვცდილობ, რომ ამ ყველაფერს ყურადღება არ მივაქციო და მხოლოდ სპორტული ინტერესით შევხედო.

ინსინიემ დაგვტოვა, მერტენსმა კონტრაქტი არ გაახანგრძლივა, კულიბალიმაც დაგვტოვა. ოსპინამ და რუიმაც წასვლა გადაწყვიტეს - შეიძლება ითქვას, რომ ძირითადი გუნდის 5 ფეხბურთელი გამოგვაკლდა. რა თქმა უნდა, დიდი შოკი მივიღეთ და ძალიან ვნერვიულობდით. შემდეგ მოვიდნენ ახალი ფეხბურთელები. კვარაცხელიას შესახებ ბევრმა არაფერი იცოდა. მის შესახებ მეც მხოლოდ გასული წლის აპრილში გავიგე. დანახვისთანავე მივხვდი, რომ ეს ბიჭი შესაძლოა ჩვენი ვარსკვლავი გამხდარიყო. მისი დრიბლინგი, მისი ბურთთან შეხება წარმოუდგენელი იყო. გუნდში ნაცნობი ფეხბურთელებიც მოვიდნენ, რომელთაც იტალიაში თავი უკვე ჰქონდათ დამკვიდრებული. მაგალითად სიმეონე და რასპადორი. კარგი შემტევი ფეხბურთელები დავიმატეთ და ამ მხრივ ნაკლებად ვნერვიულობდი - მე დაცვა უფრო მაღელვებდა. კიმ მინ ჯაეს შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი, მაგრამ პირველივე მატჩიდან დაგვანახა, რომ ძლიერი და ბრწყინვალე ფეხბურთელია. კაპიტნის შესახებაც უნდა ვთქვა - დი ლორენცოს გვერდს ვერ ავუვლი. ვთვლი, რომ ის უკეთესი კაპიტანია ვიდრე ინსინიე.


325903255_5936958696385069_1160352307748536603_n

ფაბრიციო რომანო

კრისტიანო ჯუნტოლი შეგვიძლია მოვიხსენიოთ, როგორც სპორტული დირექტორების კრიშტიანუ რონალდუ. ის ყველაფერი, რაც მან გასულ ზაფხულს გააკეთა წარმოუდგენელია. "ნაპოლიმ" ძირითადი შემადგენლობის 5 ვარსკვლავი დაკარგა, მაგრამ ჯუნტოლიმ შეძლო და გუნდში მაღალი დონის ფეხბურთელები მოიყავანა.

კვარაცხელიას ტრანსფერი წარმოუდგენელია. ჯუნტოლი მას დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა, მაგრამ იდეალურ დროს დაელოდა - შეუტია და მხოლოდ და მხოლოდ 10 მილიონ ევროდ შეძლო მისი ტრანსფერის განხორციელება. კვარაცხელია იტალიაში სრულიად უცნობი იყო და მას უდიდესი ნდობა გამოუცხადეს, როდესაც კლუბის ლეგენდის - ლორენცო ინსინიეს ჩანაცვლება დაავალეს. ეს დიდი რისკი იყო, მაგრამ კვარაცხელიამ დაამტკიცა, რომ ფანტასტიკური ფეხბურთელია და მასზე გაცემულ ავანსებს გადაჭარბებით ამართლებს.

აღვნიშნოთ კიმ მინ ჯაეს ტრანსფერიც. მას მრავალი შემოთავაზება ჰქონდა, მაგრამ 'ნაპოლიმ" ყველაფერი გააკეთა სამხრეთ კორეელის შესაძენად. ისევე, როგორც კვარაცხელია - კიმიც უცნობი იყო, მაგრამ ჯუნტოლიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ფანტასტიკური ტრანსფერების განხორციელება შეუძლია. კიმმა შეძლო და ჩაანაცვლა კულიბალი, რომელიც "ნაპოლის" ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველად ითვლებოდა.

კლუბში დიდი ცვლილებები განხორციელდა - "ნაპოლიმ" ერთგვარი რეფრეში შემოგვთავაზა და ეს ყოველთვის რისკებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ნათლად ვხედავთ, რომ ამ ყველაფერმა არათუ უბრალოდ გაამართლა, არამედ ბრწყინვალე შედეგი გამოიღო.

სეზონის სტარტზე "ნაპოლისგან" ამდენს არავინ მოელოდა, მაგრამ კლუბმა ყველას დაუმტკიცა, რომ სატრანსფერო ფანჯრის დროს ფანტასტიკურად იაქტიურა - დიდებული ფეხბურთელები დაიმატა და სრულიად დამსახურებულად ლიდერობს ჩემპიონატს. კლუბმა იდეალურ დროს, ყველაზე საჭირო პოზიციებზე იდეალური ფეხბურთელები დაიმატა. ლუჩიანო სპალეტის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის, მაგრამ ამ წარმატების მთავარი შემოქმედი კრისტიანო ჯუნტოლი გახლავთ.


326362362_868310727720103_6942527460251550203_n

ომა აკატუკბა

ვიქტორ ოსიმენი საკმაოდ ღარიბ დასახლებაში გაიზარდა. ოლუშუსუ ლაგოსში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი დასახლებაა. ოსიმენმა მითხრა, რომ იმ ღარიბ უბანში მის ოჯახს ყველაზე მეტად უჭირდა. ოსიმენს იმდენად რთულ პირობებში უწევდა ცხოვრება, რომ ფეხბურთზე ფიქრისთვის ნაკლები დრო რჩებოდა - მას უწევდა ჟურნალ-გაზეთების გაყიდვა და მრავალი სხვა სამუშაოს შესრულება, მხოლოდ იმისთვის, რომ ეარსება.

საკმაოდ მცირე ზომის ოთახში ოსიმენის ოჯახის 7 წევრი ცხოვრობდა. დაძინება ვიქტორს მეზობლის სახლის კიბეებზე უწევდა. როდესაც ამ ისტორიას მიყვებოდა, ჩემზე ძალიან იმოქმედა. დღეს ვიქტორი მსოფლიო დონის ვარსკვლავია და ხალხს ძალიან ეხმარება.

ის ყოველთვის განსაკუთრებული ვნებითა მონდომებით თამაშობს. დროთა განმავლობაში კლუბის გულშემატკივრების სიყვარულიც გაიზარდა, რადგან ვიქტორმა აჩვენა, რომ "ნაპოლის" ერთგულია და კლუბისთვის მოედანზე ყველაფერს აკეთებს. თავდაპირველად ძალიან გაუჭირდა, მაგრამ დროთა განმავლობაში, ის "ნაპოლის" საკულტო შემტევად იქცა. მას უყვარს ეს ქალაქი და ეს კლუბი და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ "ნაპოლიმ" სკუდეტო მოიგოს.

სხვა სტატიები